ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიწვევით, რუსთაველის თეატრში გამართულ მსჯავრდებულთა სპექტაკლს: „ჩემი მძევალი ანგელოზები“ დაესწრო. სპექტკალი N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით შედგა, რაც პენიტენციალური სისტენის გარეთ, პირველი შემთხვევა გახლდათ. მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალურად შერჩეულ ჯგუფთან 4 თვის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი - თეატრის რეჟისორი, კინორეჟისორი, დრამატურგი და ფსიქოლოგი მუშაობდნენ. შეხვედრების დროს გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ქალბატონებისთვის პიესა დაიწერა. პიესის ავტორია ქეთევან პატარაია, დამდგმელი რეჟისორი მანანა კვირკველია. სპექტაკლის შინაარსის მიხედვით, დამნაშავე, რომელიც ბანკის ძარცვის მიზნით მძევლად აიყვანს 8 ქალბატონს და იარაღით ემუქრება, მათი ცხოვრებისეული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ მთლიანად იცვლება. ქალბატონებს თავადაც უზიარებს საკუთარ პრობლემებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მძევლებს ათავისუფლებს. სპექტაკლში შვიდი მსჯავრდებული და ერთი ყოფილი მსჯავრდებული ქალბატონი მონაწილეობდა. სპექტაკლის პარალელურად, თეატრის ფოიეში, მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; მინისრტთა კაბინეტის წევრები; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია; დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; უფლებადამცველები; მსჯავრდებულები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები და დეპუტატები დაესწრნენ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მადლობა გადაუხადა და კახა კახიშვილს საჩუქრად ხატი გადასცა. ასევე, უწმინდესმა სიტყვით მიმართა მსჯავრდებულებს, მთავრობას და დამსწრე საზოგადოებას, სპექტაკლის მონაწილეები დააჯილდოვა, ხოლო პრემიერ-მინისტრს საკუთარი გულის ჯვარი უსახსოვრა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ უწმინდესმა განაცხადა, რომ პატიმრების შეწყალების უფლება პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს. უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი უკვე ჰქონდა. პატრიარქის ინიციატივას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დაეთანხმა. კახა კახიშვილის განცხადებით პატრიარქს, როგორც ერის წინამძღვარს, უნდა ჰქონდეს მსჯავრდებულების შეწყალების უფლება.