ლევან მურუსიძე ქართული საზოგადოების, მოსამართლეთა კორპუსისა და ქვეყნის შეურაცხყოფას ახდენს

7 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, მოსამართლეთა თანამდებობები კიდევ ერთხელ და მოცემულ ეტაპზე, უვადოდ დაიკავონ პირებმა, რომელთა სამოსამართლეო პრაქტიკის მიმართ არაერთი კითხვა და კრიტიკა არსებობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებას მეტი ყურადღება მართებს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად იუსტიციის უმაღლესს საბჭოში, მოსამართლეთა არჩევის პროცესით მიმდინარეობს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ქართული სახელმწიფოს განვითარება, სამართლიანი სასამართლოს უფლების ნამდვილობა და ქვეყანაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესაძლებლობები მთლიანად დამოკიდებულია იმ ახალ მოსამართლეებზე, რომლებსაც საბჭო და კონკურსი გამოავლენს. ახალი მოსამართლეები არ ნიშნავს მხოლოდ გაზრდილ მოსამართლეთა რიცხოვნებას, არამედ მართლმსაჯულების წინაშე დგას გაცილებით მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამოცანა - კვალიფიციური, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური ვალდებულებებისაგან თავისუფალი კადრების შეჩევა. განახლებულმა სასამართლო კორპუსმა უნდა შეძლოს სასამართლო სისტემაში უარი თქვას შერჩევით მართლმსაჯულებაზე და ქვეყნის დემოკრატიის, ევროპული არჩევანისა და კანონიერების გზაზე, საკუთარი მოვალეობა შეასრულოს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს სასამართლოში გავლენის შენარჩუნებას და მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში სისტემურ დანაშაულებების მომხრე მოსამართლეების ადგილი აღარ არის. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ყოფილი მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე და აღნიშნავს, რომ მოსამართლედ გახდომის სურვილს ისევ გამოთქვამს პიროვნებები, რომლებიც უღირსი გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდნენ. მიგვაჩნია, რომ ქართული საზოგადოების, სამოსამართლო კორპუსისა და ქვეყნის შეურაცხყოფაა, როდესაც მოსამართლედ გახდომის სურვილი გააჩნია ლევან მურუსიძეს, რომელიც ამჟამად საკასაციო სასამართლოს მოსამართლეა. ჩვენი შეფასებით, ლევან მურუსიძე წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბებული სისტემური დანაშაულებების თანამონაწილე და სასამართლო დონეზე, შემსრულებელია. შეუძლებელია, არსებობდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ლევან მურუსიძე, იურიდ ტყეშელაშვილი და ზაზა მეიშვილი განიხილავდნენ და კვლავ არსებობდეს საქართველოს სახელით გადაწყვეტილებების გამოტანის სურვილი. შეუძლებელია, არსებობდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სულხან მოლაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, რომელსაც ლევან მურუსიძე განიხილავდა და არსებობდეს მოსამართლის სტატუსით საქმიანობის გაგრძელების სურვილი. ამასთან, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს ის გარემოებაც, რომ ლევან მურუსიძე არის ადამიანი, რომელიც 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოებისა და გათავისუფლების პროცესშიც. ის ფაქტი, რომ არ არსებობს მორალური ვალდებულებების საკითხიც, ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ ლევან მურუსიძე, რომელიც მოსამართლეობის მსურველი კანდიდატია, იმავდროულად საქმიანობას აგრძელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, რაც კონკურსის პროცესში, კიდევ ერთხელ ხაზსს უსმევს სამოქალაქო პასუხიმსგებლობისა და სტანდარტების პატივისცემას.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ობიექტური დასკვნები უნდა გააკეთოს შექმნილ ვითარებაზე და სრული მხარდაჭერა გამოთქვას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მიმართ. ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ გარემოებებსაც, რომ ნინო გვენეტაძის პრინციპული ხედვაა, ქვეყანას გააჩნდეს მიუკერძოებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა. ამის მაგალითია პირველად, მოსამართლეთა შერჩევის თვალსაზრისით, გამჭვირვალე, ღია, ხელმისაწვდომი და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძესთან ერთად, გაუგებარია ზვიად ესებუას, კობა გოცირიძის, ლაშა კალანდაძისა და ანჟელი ხუროძის მოტივაცია, რომელთა სახელებიც, წარსულში, არაერთ გამოკვეთილ უკანონო გადაწყვეტილებასთან ასოცირდება.

  1. ზვიად ესებუა, რომლიც განიხილავდა პოლიტპატიმრების ვახტანგ მაისაიას, გია სალუქვაძისა და ზაქარია ზურაშვილის საქმეებს. ისინი მხოლოდ ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ. პროფესიულ წრეებში, ზვიად ესებუა უკანონო გადაწყვეტილებებთან და 2012 წლამდე პროკურატურის მოთხოვნების უპირობო გამტარად ხასიათდება. მან კანონის უზენაესობა ვერ უზრუნველყო გახმაურებულ ვლადიმერ დოლიძის საქმეზეც.
  2. კობა გოცირიძე, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებები დაუკავშირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების ლობირებას. სასამართლო გადაწყვეტილებები დააფუძნა პოლიტიკურ საჭიროებებს. მან ქართული სასამართლოს ისტორიაში, პირველმა შეძლო, 126–მილიონიანი ჯარიმის დაკისრება ბიძინა ივანიშვილისთვის, ხოლო 17 მილიონამდე ლარი – კახი კალაძისთვის, როდესაც ისინი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ.
  3. ლაშა კალანდაძე, რომლის სახელიც დაკავშირებულია პაატა როსტომაშვილის საქმესთან, რომელსაც მკვლელობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაშინ როცა მის საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა და ის გაასამართლეს ჩაუდენელი დანაშაულისთვის. აგრეთვე, აღნიშნულ დავასთან ერთად, აღსანიშნავია დავით და მიხეილ მაჭარაშვილების სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებიც ამჟამად სტრასბურგშია და საქართველოს მთავრობის მიმართ უკვე არსებობს ლეგიტიმური კითხვები ამ განაჩენთან დაკავშირებით. პროფესიულ წრეებში აღნიშნავენ, რომ ლაშა კალანდაძე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირია. სულ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც ლაშა კალანდაძე, ამჟამად ბადრი პატარკაციშვილის ნათესავის, ჯოზეფ ქეის სასამართლო დავებს ლობირებს.
  4. ანჟელი ხუროძე, რომელიც სასამართლო სისტემაში საქმიანობს 25 წელზე მეტი ხანი, ყველა ხელისუფლების პირობებში იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელიც გამოხატავდა პოლიტიკური ოფიციოზის ინტერესებს. 2013 წელს, ანჟელი ხუროძემ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებების გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილი უფროსის, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის ყოფილი დირექტორების შეთანხმებული მოქმედებით, თანამდებობიდან გათავისუფლებული ირაკლი ქველაძის გახმაურებულ საქმეზე, რითაც პოლიტიკური დავალება შეასრულა.


კომენტარები