ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ შეტყობინება 2015 წლის 7 დეკემბერს, მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ხულორდავას წერილით მიიღო.
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელით მადლობას გიხდით თქვენი მზადყოფნისთვის, მონაწილეობა მიიღოთ საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება და თქვენი აქტიური მონაწილეობით სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ. ჩვენი სამინისტროს დღის წესრიგში მრავალი საყურადღებო საკითხი დგას. მათი გადაწყვეტის პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თქვენი რეკომენდაციები, ისევე, როგორც თქვენი ხელშეწყობა სასჯელის აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესწავლა/გაზიარების მხრივ“ - აღინიშნა წერილში.
საკონსულტაციო საბჭო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით შეიქმნა. საბჭო მინისტრის სათათბირო ორგანოა და იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრები სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, ასევე, შეისწავლიან სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას. გარდა ამისა, სათათბირო ორგანო სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზს განახორციელებს. საბჭო არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით იქნა დაკომპლექტებული.
სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა 2015 წლის 11 დეკემბერს გაიმართება და შეხვედრა სიმბოლურად მიეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების წლისთავს. საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრაზე სამინიტრო წარმოადგენს მოკლე მოხსენებას უახლოესი ერთი წლის განმავლობაში სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრის ორგანიზებაში სამინიტროს ეხმარება ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის მართლსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.