ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებსა“ და ქალაქ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ მოაწერეს. მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზნებია პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, იურისდიულ სფეროში თანამშრომლობა, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, მხარეთა შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმი, ერთობლივი ძალისხმევა, რომ სამოქალაქო სექტორმა და ადგილობრივმა თვითმმართელობამ იტვირთონ ადამიანის უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, რომ პოზიტიური შედეგები მივიღოთ. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების ერთ-ერთი აქტიური დამცველია. მისვე თქმით, აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ დღეს კომისიას საადვოკატო წრეების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციას თბილისის საკრებულოსთან და უშუალოდ, იურიდიულ საკითხთა კომისიასთან აქტიური საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, წარმოდგენილი მემორანდუმი კი კიდევ თანამშრომლობის გარღმავების შესაძლებლობას იძლევა. არჩილ კაიკაციშვილმა გაიხსენა ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტში სწორედ თედო კობახიძის ძალისხმევით მომზადებული ე.წ. „ხმაურის შესახებ“ ახალი რეგულაციების საკითხი განიხილება, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობისთვის, მათ შორის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, წარმოდგენილი მომორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ დამისამართებულ ყველა მოქალაქეს უფასო იურიდიულ კონსულტაციით უზრუნველყოფს. მისივე თქმით, ორგანიზაცია ამჟამად ახორციელებს ორ პროექტს, რომელიც ეხება სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიულ მომსახურებას და 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში ქალთა ადვოკატირებას. ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას და პროექტის ბენეფიციარების მიღების, უფასო წარმომადგენლობითი და იურიდიული მომსახურების მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.
როგორც შეხვედრაზე ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახაძემ განაცხადა, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთანაც თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და სასარგებლო. თედო კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა იქნება მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მიმართული.
დღესვე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „საზოგადოებრივ დამცველთან“ გააფორმა.