„ახალგაზრდა ადვოკატები“ STEP-ის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

11 დეკემბერი, 2015

2015 წლის 11 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით, სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის ”STEP - წარმატების კარი ევროპაში”, პრეზენტაციას დაესწრო. პროგრამა სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და ევროპის მასშტაბით დასაქმდნენ. შეხვედრას პარტნიორებისა და პოტენციური დამსაქმებლების რანგში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) პრეზიდენტმა მამუკა ახვლედიანმა და ასოციაციის დამფუძნებლებმა ირაკლი ბურდულმა და დავით ლანჩავამ. პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ.

პროგრამის მიზანია, იურისტი სტუდენტების და ახალგაზრდა იურისტებისათვის ცოდნის გაღრმავება, რომელიც წარმატებული კარიერის საფუძველს წარმოადგენს და ამავდროულად, ხელს უწყობს სტუდენტებს სტაჟირება გაიარონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო დამსაქმებელს  აძლევს საშუალებას შეიძინოს კონტაქტები ევროპის მასშტაბით და მოახდინოს სამართლებრივი კულტურის გაცვლა. შეხვედრაზე, საქართველოს იურისტთა ეროვნულ ასოციაციასა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტები, რაც პროექტის მონაწილეებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, იურიდიული მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, პრეზენტაციას  იურისტი ლაშა ციბაძე დაესწრო.

 

 



კომენტარები