„ახალგაზრდა ადვოკატები” საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას დაესწრო

12 დეკემბერი, 2015

2015 წლის 12 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას წევრის სტატუსით დაესწრო. საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახი კახიშვილმა. სამინისტროს პრიორიტეტებზე მიმოხილვა მოამზადა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე დარახველიძემ. საბჭოს შექმნის და შემდგომი ფუნქციონალური როლის თაობაზე შეფასება წარმოადგინა მოსამართლე რენატე ვინტერი, რომელიც იმავდროულად ევროკავშირის პროექტ: „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელია. პირველ შეხვედრაზე, მინისტრმა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა და სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგინა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საკონსულტაციო საბჭოს შემდგომი მუშაობის საკითხებით დაინტერესდა. მინისტრთან დასმული კითხვა ეხებოდა საბჭოს გადაწყვეტილებისა და საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციის მიღების პროცედურულ საკითხებს. ამასთან, საბჭოს შემადგენლობას, მათ შორის საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით. არჩილ კაიკაციშვილმა საკუთარი შეფასება გამოთქვა საბჭოს მუშაობის სამომავლო კოორდინაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთვება საქმიანობის პროცესში. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ გააჩნიათ არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებისა და უვადო მსჯავრდებულების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ამ მიმართულებით, ორგანიზაცია ჩაერთვება.

საკონსულტაციო საბჭო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის 2015 წლის 19 ოქტომბრის #139 ბრძანებით შეიქმნა. საბჭო მინისტრის სათათბირო ორგანოა და იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრები სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, ასევე, შეისწავლიან სასჯელთა აღსრულების საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას. გარდა ამისა, სათათბირო ორგანო სასჯელთა აღსრულების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზს განახორციელებს. საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

 



კომენტარები