არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცნობილი საქმის განხილვას ეხება. იქედან გამომდინარე, რომ საქმე ეხება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, მართლმსაჯულების, მხარის და დავის ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე, ორგანიზაცია არ მოახდენს მხარეთა იდენტიფიცირებას, წარმოდგენილი განცხადების მიზანია სასამართლო ხელისუფლების გაფრთხილება, გამოასწოროს დაშვებული შეცდომა და ხელმეორედ არ დაუშვას მოქალაქის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა.
„ახალგარზდა ადვოკატები“ აღვნიშნავთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, მართლმსაჯულებამ პირევლად დაუშვა პრეცედენტი, როდესაც მოქალაქეს ყველა მტკიცებულების მიუხედავად, სამართლიანი სასამართლოს უფლება აუკრძალეს. იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხეს წარმოადგენს მაღალი თანამდებობრივი სტატუსის მქონე პირი, სასამართლომ ვერ შეძლო საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო წავიდა საქმეში არსებული ფაქტების, მტკიცებულებებისა და საქმის პერსპექტივის წინააღმდეგ, მიღებული გადაწყვეტილებებით კი, სასამართლო გაცდა იმ მსჯელობას, რომელიც უნდა არსებულიყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სარჩელის აღძვრამდე განცხადების განხილვის დროს. მას შემდეგ, რაც 2015 წლის 20 ნოემბერს (პარასკევს), სავარაუდო მოსარჩელის წარმომადგენელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სარჩელის აღძვრამდე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოვლენები განვითარდა შემდეგნაირად: დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ტრადიციულად გაეცნო შემოსულ ახალ საქმეებს, სასამართლომ მიიღო ინფორმაცია მოპასუხის სადაო ქონებაზე ყადაღის წარმოშობის უზრუნველყოფის შესახებ, საქმე განსახილველად გადაეცა პროფესიულ წრეებში ლოიალურობით ცნობილ მოსამართლეს, რომელმაც 24 ნოემბერს (ორშაბათს) გამოიტანა განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების განსახილველად მიღებაზე უარი თქმის შესახებ.
მოსამართლემ, თითქოსდა ვერ დაინახა დავასთან დაკავშირებით მოქალაქის იურიდიული ინტერესი, როდესაც აღნიშნულის შესახებ წარდგენილი უამრავი მტკიცებულებაა. 24 ნოემბრის განჩინება თავისი დასაბუთებით აღმოჩნდა შოკისმომგვრელი - მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო ანალოგიის გამოყენების საფუძველზე. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, რომელიც კანონისა თუ სამართლის ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. მოსამართლის მიერ ანალოგიის გამოყენებაზე მითითება გაუგებარია, ვინაიდან ანალოგიის გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, თუ სახეზეა ხარვეზი კანონმდებლობაში, ანუ როდესაც სამართლებრივი თვალსაზრისით, განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხი არ არის გათვალისწინებული და რეგულირებული სამართლის არც ერთ საპროცესო ნორმაში. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან დაყენებული მოთხოვნების მარეგულირებელი ნორმები არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში და არც ერთი მოთხოვნა, რომელთა დაყენებასაც ვაპირებთ, არ არის დაურეგულირებელი კონკრეტული ნორმით. ასევე, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლომ ანალოგიის გამოყენებამდე, პირველ რიგში უნდა დაადგინოს საკანონმდებლო ხარვეზის არსებობის ფაქტი. ხარვეზი კი სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს ნორმა, რომლითაც შესაძლებელია კონკრეტული შემთხვევის გადაწყვეტა. ასევე, სამართლის ანალოგია არ დაიშვება, თუ არსებობს ნორმის უშუალო, პირდაპირი შეფარდების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ანალოგიის გამოყენება საკმაოდ საფრთხილო საკითხია და ანალოგიის გამოყენებისას, სამართლის შემფარდებელმა, ასევე უნდა გამოიკვლიოს ადგილი, აქვს ღია თუ ფარულ ხარვეზს, ვინაიდან ფარული ხარვეზის (კანონმდებლის კვალიფიციური დუმილი) შემთხვევაში, ანალოგია არ დაიშვება. განჩინებაში არც ერთი ხსენებული საკითხი არ იქნა მოსამართლის მიერ გამოკვლეული და უფრო მეტიც, მოსამართლემ უბრალოდ გააკეთა მითითება ანალოგიაზე, თუმცა რა ნაწილში გამოიყენა ის ან რატომ დასჭირდა ანალოგიის გამოყენება ზოგადად (მაშინ როდესაც სადაო ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა ნორმა არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში), არ განუმარტავს და არ დაუსაბუთებია.
გვსურს საზოგადოებამ იცოდეს სინამდვილეში რაც მოხდა - სასამართლო აღმოჩნდა ცაიტნოტში, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო კანონით დაცულ ვადაში, მართლმსაჯულების განხორციელებაში დადგა პოლიტიკური ანგარიშგების საკითხი - მოსამართლე ღიად აღმოჩნდა მხარე, მიკერძოებული და ფეხქვეშ გათელა მტკიცებულებები, რომელის არსებობაც ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა ამ სასამართლოსთვის. ამიტომაც, მოსამართლემ განჩინება ისე გამოიტანა, რომ არ უმსჯელია არც ერთი მტკიცებულების შინაარსზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე. იქედან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გაგვაჩნია სრული რწმენა და მაღალი მტკიცება, რომ მოქალაქის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებადია, ლეგიტიმურია და დავას აქვს მნიშვნელოვანი პერსპექტივა, იქედან გამომდინარე, რომ მომავალში არ დარჩენილიყო რაიმე სახის კითხვები განჩინებით მითითებულ იურიდიული ინტერესის შესახებ, მოსამართლის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით არ გაგვისაჩივრებია, ერთი დღის ვადაში მოვახდინეთ ხელოვნურად შექმნილი ბარიერის - ხარვეზის გამოსწორება და თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2015 წლის 25 ნოემბერს, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ახალი განცხადებით მივმართეთ.
საქმე კვლავ პირველი განჩინების მიმღებ მოსამართლეს დაეწერა, თუმცა ამჟამად მიღებულ იქნა ყველაზე დიდი უკანონო გადაწყვეტილება - სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ 25 ნოემბრის განჩინებით სავარაუდო მოსარჩელეს პირდაპირ მიუთითა, რომ აღარ ედავა, სასარჩელო მოთხოვნებს სასამართლოსთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, არც საქმეში არსებული მტკიცებულებების მიმართ მოხდებოდა შეფასება, რითაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ მიუთითა, რომ მოპასუხის ინტერესების დაცვა, მართლმსაჯულების ინტერესებზე მაღლა შეიძლება დამდგარიყო. მოსამართლის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სავარაუდო მოსარჩელეს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარი უთხრა, რაც არის პირველი პრეცედენტი და გამაოგნებელი დაშვება, როდესაც სასამართლო გაცდა თავისი მსჯელობის ფარგლებსაც და თუკი კანონით მოსამართლე ვალდებული იყო, ემსჯელა მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, განჩინებაში აღსაძრავი სარჩელის შედეგებზეც ისაუბრა. მოსამართლემ ივარაუდა, რომ აღსაძრავი სარჩელის შედეგები მიუღწევადი იყო, რისი უფლებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მას არ გააჩნდა. შესაბამისად, მოპასუხის სტატუსიდან გამომდინარე, მოსამართლე მოქალაქეის წინააღმდეგ, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე წავიდა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 42-მუხლისა და ევროკონვენციის მე-6 მუხლის თვალსაჩინო დარღვევაა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ არჩილ კაიკაციშვილმა, 2015 წლის 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 26 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საჩივრით უკვე მიმართა. სასამართლოს მიერ დაშვებულ უკანონობაზე, 2015 წლის 9 დეკემბერს, წერილით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანსაც. მოქალაქის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ფაქტზე, წერილობითი ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მიმართ. არჩილ კაიკაციშვილმა საქმის კურსში ჩააყენა საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები და დიპლომატიური კორპუსი.
სადაოდ გამხდარი განჩინების მოსამართლის საპასუხოდ და ზოგადად, მართლმსაჯულების საყურადღებოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ სასამართლო ხელისუფლების მოვალეობაა დარღვეული უფლებების აღდგენა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, თუ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე ფორმით ანგარიში გავუწიოთ პიროვნებებს, პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს და დავრჩეთ კანონის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ავტორად, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები საფუძვლიანია, იმდენად ცხადი და განჭვრეტადი, რომ შეუძლებელია რომელიმე მოსამართლეს გაუჩნდეს განცდა, ბრძოლა დარღვეული უფლებებისა და მოვალეობების აღდგენის მიმართულებით, თითქოსდა ვერ აყალიბებს დასაბუთებულ ვარაუდს, თითქოსდა მას მხოლოდ გააჩნია ვარაუდის საფუძველი, თითქოსდა სუბიექტური სურვილებია არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასარჩელო მოთხოვნები, თითქოსდა არ ჩანდეს იურიდიული ინტერესი იმ საკითხზე, რომ მხარემ სამართლებრივი გზით იდავოს.
მას შემდეგ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით შეზღუდული კანონის მოთხოვნებით, ჩვენ შევძლებთ საჯარო გავხადოთ აღნიშნული დავა, გამოვაქვეყნოთ მტკიცებულებები, საზოგადოება და თითოეული მოქალაქე დარწმუნდეს იმაში, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
ჩვენ დღეს სასამართლოს ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, დაშვებული განზრახი შეცდომები გაასწოროს. ერთმა მოსამართლემ არ დაუშვას სახიფათო პრეცედენტები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას ეხება, ეს მომავალში დარტყმას მიაყენებს, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, მისდამი ნდობას და რეპუტაციას. ჩვენ არ გვსურს, მაგრამ თუკი სასამართლო კანონიერი გადაწყვეტილებების გზით არ წავიდა, ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ საქმეს ევროსასამართლოში, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად, აუცილებლად გაჩნდება ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულების სისტემა, ერთი მოსამართლის მიკერძოებულობამ, მოქალაქის მთავარი კონსტიტუციური უფლების - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევამდე მიიყვანა, რადგანაც არ არსებობს ფაქტი, რომელიც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საწინააღმდეგოდ მეტყველებდეს. ამაში საზოგადოება მომავალში გამოქვეყნებული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ დარწმუნდება.