ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეწყალების კომისიისა და 2012 წლის დეკემბერში, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულთა საქმეების მიმართ მიმდინარე საჯარო დისკუსიას ეხმაურება და შესაბამისი სტრუქტურების მიერ სათანადო მოკვლევის ჩატარებამდე გამოთქმულ შეფასებებს, მიუღებლად მიიჩნევს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, შეწყალების კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობა მუდმივად წარმოადგენდა საზოგადოებრივი განხილვების საგანს, ვიანიდან ცალკეული საქმეების მიმართ, არ არსებობს დასაბუთებული და განმარტებული გადაწყვეტილებები, თუმცა კამპანია, რომელიც პატიმართა საქმეების ანგარებით ლობირების არსებობას ეხება, ცდება საკითხის მიმართ ჯანსაღი კრიტიკის საფუძვლებს და მოითხოვს სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მიზანმიმართული ცილისწამება და სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება ადამიანების მიმართ, რომლებმაც 2012 წლის დეკემბერში, სისტემური დანაშაულებების ჩადენის დამადასტურებელი პირველი დოკუმენტი შექმნეს. 2012 წლის 28 დეკემბერს, პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, ცალსახად აღნიშნა ის გარემოება, რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები. შესაბამისად, სახელმწიფომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1900 (2012) რეზოლუციაზე დაყრდნობით, ქვეყანაში პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადა. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი ამნისტიისთვის დღეს სახელის გატეხა, ამნისტიის საკანონმდებლო პროცესში მონაწილე მთავარი ფიგურების დისკრედიტაცია, წარმოადგენს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიჩქმალვის ორგანიზებულ კამპანიას, რაც საერთო შეფასებაში, ქვეყნის საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებში, ხელისუფლების ნდობის დაკარგვას და ქვეყნის იმიჯის შელახვას ემსახურება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია დროის მოკლე პერიოდში მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და საზოგადოებას მიეწოდოს მიმდინარე გამოძიების შედეგები. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დაწყებული კამპანია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ხელისუფლების წინააღმდეგ, საპარლამენტო არჩევნების წინ, ისეთი მიზანიმართული მოქმედებების განხორციელებას, რომლის მიზანია არამხოლოდ პოლიტიკოსების დისკრედიტაცია, არამედ ინსტიტუციების რღვევა. თუკი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, წინა ხელისუფლების მნიშვნელოვანი მარცხი საქართველოს ციხეებში არსებული ძალადობის ამსახველმა კადრებმა განაპირობა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დაწყებული კამპანია სწორედ მსჯავრდებულთა საქმეების ანგარებით გადაწყვეტაზე, მოქმედი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობის დაკარგვას ემსახურება. ასეთი შედეგები ქვეყანაში ხელსაყრელია მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და წინა ხელისუფლებასთან, პოლიტიკური მიზნებით დაკავშირებული პირებისა თუ სამოქალაქო ჯგუფებისთვის. გვაკვირვებს, მსჯავრდებულთა საქმეების მიმართ შესაძლო ანგარების ან საქმეების სამართლიანი განხილვის პროცესში ზემოქმედების შესაძლო ფაქტები, რატომ არ გახმაურდა წლების მანძილზე და აქტუალობას რატომ იძენს 2016 წლის დასაწყისში, პოლიტიკურ მიზნებთან ერთად, რას ემსახურება მიმდინარე პროცესი - 2004-12 წლებში, „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და სისტემური დანაშაულებების არარსებობის აზრის დამკვიდრებას თუ ქვეყნის წინაშე, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მოვლენების - ევროინტეგრაციის პროცესი, ჯანდაცვის რეფორმა, პენიტენციური სისტემის მოწესრიგება, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედია-თავისუფლებისა და ბიზნესზე ჩაურევლობის ფაქტების მიმართ, საზოგადოების შეხედულებების განეიტრალებას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დისკუსიაში მონაწილე ყველა პირს, ყურადღება დაეთმოს მსჯელობის დროს ყველა გამონათქვამს და შეფასებით ნაწილს, ვინაიდან საქმე ეხება ყოფილი მსჯავრდებულების ინდივიდუალურ საქმეებს, პოლიტიკური ამნისტიის მიღების მნიშვნელობას, საზოგადოების უფლებას, მიიღოს მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ გამოძიება, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დადგეს ყველა პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი გამოიკვეთება ბრალდების ნამდვილობა ან ცილისწამება.