არჩილ კაიკაციშვილი მამუკა ახვლედიანთან შეხვედრას მოითხოვს

14 დეკემბერი, 2015

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან შეხვედრას მოითხოვს. როგორც ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმე, რომელის კანონიერი ინტერესების დამცველს არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს, გასაჩივრების შემდგომ, განსახილველად იმავე მოსამართლეს გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცნობილი საქმე განიხილება იქედან გამომდინარე, რომ საქმე ეხება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, მართლმსაჯულების, მხარის და დავის ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე, არ ხდება მხარეთა იდენტიფიცირება. მოსამართლემ 2015 წლის 26 ნოემბერს მიიღო განჩინება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს სამართლიანი სასამართლოს უფლება აეკრძალა. არჩილ კაიკაციშვილმა, 2015 წლის 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 26 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საჩივრით უკვე მიმართა. სასამართლოს მიერ დაშვებულ უკანონობაზე, 2015 წლის 9 დეკემბერს, წერილით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანსაც. მოქალაქის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ფაქტზე, წერილობითი ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მიმართ. არჩილ კაიკაციშვილმა საქმის კურსში ჩააყენა საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები და დიპლომატიური კორპუსი.

არჩილ კაიკაციშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის მიმართ გაგზვანილ ოფიციალურ წერილში, 9 დეკემბერს, სასამართლოს ეთხოვა რეზონანსული საქმე განსახილველად არ გადასცემოდა წინა გადაწყვეტილებების მიმღებ მოსამართლეს. 14 დეკემბერს, სასამართლომ დაადასტურა, რომ საქმე კვლავ იმავე მოსამართლეს გადაეცა განსახილველად. არჩილ კაიკაციშვილი, მართლმსაჯულებისა და მოქალაქის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოერთვა, მოითხოვს სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, გარკვევას, თუ არ გაითვალისწინა სასამართლომ, წერილის არსებობის პირობებში, მხარის კანინიერი მოთხოვნა და დამატებითი ინფორმაციის წარდგენას. სასამართლოს აღნიშნულის შესახებ უკვე მიემართა.



კომენტარები