„ახალგაზრდა ადვოკატები“ კონკურსანტებს შეხვდნენ

15 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის წევრები ანალიტიკური თემების კონკურსის ფარგლებში: „სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“, მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს შეხვდნენ და კონკურსის შემდეგი საფეხურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. კონკურსის პირობების თანახმად, მეორე ტურში გადასული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ წარმოდგენილი თემების საჯარო პრეზენტაციაში, რომლის მომზადებაშიც მათ ორგანიზაციის მიერ შერჩეული მენტორები დაეხმარებიან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა კონკურსის მონაწილეებს მენტორები წარუდგინა, რომლებიც თავიანთი გუნდის წევრებს იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებიან, რომელიც მომზადებული თემების საჯარო პრეზენტაციების დროს სჭირდებათ. კონკურსში მენტორები გახდნენ ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს წევრი, მარიკა არევაძე, მთავარი იურისტი ანა კიკნაძე, იურისტი ლაშა ციბაძე. ღია წილისყრით, მენტორებთან კონკურსანტები შემდეგნაირად გადანაწილდნენ. მარიკა არევაძის გუნდის წევრები გახდნენ: გიორგი ჯოჯუა („ხალხი და დემოკრატია“), გია გაგნიძე („ხალხი და დემოკრატია“) და ანი თოფურია („რატომ ვირჩევთ ევროპას?“). ანა კიკნაძის გუნდის წევრები გახდნენ: ეთერ გვარამაძე („არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი?“), ბილლი ისიანი („არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი?“) და თამარ აბულაძე („ხალხი და დემოკრატია“), ხოლო ლაშა ციბაძის გუნდის წევრები გახდნენ: გიორგი გოგუა („რატომ ვირჩევთ ევროპას?“), ვლადიმერ ქინძოძე („რატომ ვირჩევთ ევროპას?“) სალომე ოღაძე („რატომ ვირჩევთ ევროპას?“) და სოფიო მენთეშაშვილი („რატომ ვირჩევთ ევროპას?“). მენტორებმა გუნდის წევრებთან მუშაობა უკვე დაიწყეს.

კონკურსის თანახმად, თემების საჯარო პრეზენტაცია 22 დეკემბრიდან ახალი ამბების სააგენტოს „პირველის“ პრეს-კლუბში გაიმართება, კონკურსანტების საჯარო გამოსვლებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ცნობილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით. მოხდება საჯარო პრეზენტაციის ჩაწერა, სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსება და კონკურსანტის გამოსვლაზე ფოტოქრონიკის მომზადება. ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ მონაწილეს.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე მოხდება გამარჯვებული და წარმატებული ავტორების დაჯილდოვება. პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ ავტორს გადაეცემა 300 ლარი, მეორე ადგილზე გასულს - 200 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ავტორს - 100 ლარი. კონკურსში მონაწილე ყველა თემა გამოქვეყნდება ორგანიზაციის სამეცნიერო ჟურნალში.



კომენტარები