დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერება საფრთხეა სამართალწარმოებისთვის

16 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ შეჩერებული ნორმების სამართალწარმოებაზე უკვე არსებულ გავლენაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, უკვე ნეგატიურ შედეგებს იძლევა სახელშეკრულებო დავებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფით გავლენას ახდენს სამართლებრივ დავებზე, ვინაიდან შეჩერებული ნორმები, ერთიანობაში შეეხო, სასამართლოებში მიმდინარე, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს. გადაწყვეტილება უარყოფიდად მოქმედებს, მათ შორის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს წინასწარ არ აქვს გათვალისწინებული, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ეს ჩანაწერი არ აქვთ ხელშეკრულებაში, დაუყოვნებლივი აღსრულება მათ საქმეებზე ვერ განხორციელდება, რის შედეგადაც, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს გადამხდევინებელს ან საერთოდაც,  შეუძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რის გამოც, საერთოდ დავას სასამართლოში აზრი ეკარგება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, დაუყოვნებლივი აღსრულება გამოიყენებოდა სხვადასხვა დავებზე, მათ შორის აქტიურად - ხელშეკრულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ დავებზე, ქონებრივ დავებზე, კომპანიებს შორის დავებზე.  აქტიურად გამოიყენებოდა არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ დავებზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხებოდა არასრულწლოვნის სახელმწიფო საზღვრის გარეთ გაყვანის უფლების მინიჭებას. გარდა სამოქალაქო დავებისა, დაუყოვნებილ აღსრულება გამოიყენებოდა ადმინისტრაციულ საქმეებზე, მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის ან ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ მოთხოვნების შემთხვევაში. მაგალითად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავაზე, როდესაც მოთხოვნა იყო უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის დავალდებულება, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, ვინაიდან მისი არ გამოყენებით, შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი ზიანი დამდგარიყო.

ორგანიზაციის შეფასებით, დღეს დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებით, მოცემულ დავებზე, მხარეს ერთმევა შესაძლებლობა მოითხოვოს დაუყოვნებლივ აღსრულება, შედეგად დიდი ალბათობაა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ორგანიზაციის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცდება მისი ფუნქციონირების მთავარ მიზანს, ემსახურება კონკრეტულად ერთ მოძრაობას, იღებს მხოლოდ ერთ საქმეზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, უგულვებელყოფს ქვეყანაში არსებულ სხვა დავებს, რის შედეგადაც, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს მხარეებს სასამართლოში დავების განხილვის პროცესში.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 2015 წლის 2 ნოებრის საკონსტიტუციო სასამართლოს გამწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერის საფუძველზე, შეჩერდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება,  საკონსტიტუციო სასამართლო მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.



კომენტარები