2015 წლის 17 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ადმინისტრაციული სარჩელის განხილვას იწყებს. შეძლებს თუ არა სასამართლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების მიერ გამოცხადებული დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შეცვლას, სასამართლო პროცესები და მიღებული გადაწყვეტილება აჩვენებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომლთა დამფუძნებლებიც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ერთი და იგივე პირები არიან.
ორგანიზაცია მოითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანება, რითაც ორგანიზაციას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ინოვაციური პროექტის „ყველა ხმა მომგებიანია“ დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ასევე, სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბერის განკარგულება #170/2015 ბათილად ცნობა, რომლმაც ძალაში დატოვა სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანება. ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს სასამართლოს განიხილოს ცესკო-ს 2015 წლის 5 ნოემბრის მოქმედებები ორგანიზაციის თანამშრომლების სხდომის დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რამაც დაარღვია ადმინისტრაციულის ხდომის საჯაროობის პრინციპი. ორგანიზაცია სხდომაზე მიღებულ ცესკო-ს განკარგულებას, სწორედ ზემოაღნიშნული საჯაროობის უზრუნველყოფის დარღვევის გამოც, უკანონოდ მიიჩნევს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით უკვე მიმართეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილს, რათა 17 დეკემბრის სხდომაზე, უშუალოდ წარმოადგინონ ცეესკოსა და სწავლების ცენტრის ინტერესები. „ჩვენი სურვილია, დავის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დაესწროთ სხდომას და დაამკვიდროთ დემოკრატიის სტანდარტი, როდესაც სასამართლო ეტაპზე, უშუალოდ წარმოადგენთ თქვენს დაწესებულებას“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიზანია, ქვეყანაში შეიცვალოს საგრანტო პოლიტიკა და დონორი ორგანიზაციები არ გახდნენ მხოლოდ ერთი სამოქალაქო პლატფორმის დამფინასებელი წყარო. მიგვაჩნია, რომ ეს დავას სწორედ ამ მაღალ მიზნებს ემსახურება. მივმართავთ მედიას, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, გთხოვთ მობრძანდეთ სასამართლო სხდომაზე და ერთად გავხადოთ ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები, რათა შეცვალონ მათი დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკა.
სასამართლო სხდომა დაიწყება 14:00 საათზე, #38 სხდომათა დარბაზში. საქმეს მოსამართლე დავით წერეთელი განიხილავს.