ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ ხვალ ქონებაჩამორთმეული რამაზ ახვლედიანის საქმეზე, რეზონანსული კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. საქმე ეხება ლისის ტბის მფლობელ რამაზ ახლედიანის ბიზნეს-საქმიანობას, რომელსაც ბიზნესი და საკუთრება, მაშინდელი ფინანსური პოლიციის უშუალო ზემოქმედების შედეგად დაათმობინეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“. 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით, არ მტკიცდება.
კვლევა საზოგადოების წინაშე პირველად გაასაჯაროებს მტკიცებულებებს, თუ რა ვითარებაში და რომელი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით მოხდა ბიზნესმენისთვის ქონების წართმევა. ასევე, საზოგადოების წინაშე პირველად გახდება ცნობილი რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორების მოქმედებებიც, რომლებმაც ბიზნესმენი სახელმწიფოსთან ფარული გარიგებების შედეგად, მიატოვეს.
კვლევის პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი, ექსპერტები და მედია დაესწრება. ღონისძიება სასტუმრო „ბეტსში“, 12:00 საათზე დაიწყება.