ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის თემა „სისხლის სამართლის კანონმდებლობაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ხარვეზები და პრევენციის მექანიზმები, საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება“ გახლდათ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. განხილულ იქნა ,,წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულობების ანალიზი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები“, „წამებასა და არაადამიანური მოპყრობასთან ბრძოლის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან’’ და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. კონფერენციაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი გამოცდილება წარმოადგინა ფრაიბურგის მაქს ფლენკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, საერთაშორისო ექსპერტმა დრ. ჰანს-იორგ ალბრეხტმა.
კონფერენცია პროექტ: ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში’’ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი. პროექტის მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.
კონფერენციას უმასპინძლა სასტუმრო „რიქსოს ბორჯომმა“. კონფერენციას ორგანიზაციის სახელით, ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი დაესწრო.