ეს არის ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა, რომელმაც როლანდ ბლადაძის 12-წლიანი ემიგრაცია უნდა დაასრულოს

23 დეკემბერი, 2015

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებასთან მიმართებით, პრეისტორიასა და ამჟამინდელ დამოკიდებულებებს ეხება.

„2014 წლის იანვრიდან, როდესაც როლანდ ბლადაძე საქართველოში ჩამოვიდა, მოვიდა და მთხოვა, მისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში გვერდით დავდგომოდი, წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ერთადერთი სახლის დაბრუნებაში სამართლებრივი დახმარება გამეწია. ჩემი კოლეგები დავიხმარე და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, ქონების ჩამორთმევის ფაქტზე, საზოგადოებას კვლევა შევთავაზეთ. 2014 წლის ოქტომბრიდან, თითქმის მთელმა საქართველომ ქონებაჩამორთმეულის სახლში გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტზე გაიგო. დაიწყო მძიმე, გამოწვევებით სავსე, მაგრამ სამართლიანი ბრძოლა უფლებების დაბრუნებისთვის. სამართლიანობის აღდგენის პროცესში, როლანდ ბლადაძის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაჩაქარებული მოქმეებების შესახებ, სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებას ეცნობა. სამწუხაროდ, საქმე არსებითი გადაწყვეტილებების გარეშე, დღემდე საქართველოს მთავარი პროკურატურის  სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტშია რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით სრულად გამართლდა 2004 წელს წარდგენილ ბრალდებაში, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლას შეექმნა მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები, პროკურატურას ქონების ჩამორთმევის ფაქტზე, 2015 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, საქმე არ აღუძრავს. მას შემდეგ, რაც ჩვენ 2015 წლის მარტში შევაჩერეთ გიორგი პაპუაშვილის მხრიდან სადავო ქონების მალულად გაყიდვის ფაქტი, როლანდ ბლადაძის ოჯახმა 2015 წლის აგვისტოში უარი თქვა საქმის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გასაჩივრებაზე და თავისი გაგებით, მან არ გადადგა ნაბიჯი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენ, იურისტებს კოლოსარული შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ შეგვექმნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ახალი ძალით სასამართლოებში სადავო ქონებაზე დავის დაწყების საშუალებას მოგვცემდა. ჩვენ საჯაროდ ვხდით სამართალწარმოების პროცესს და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, ვიწყებთ ბრძოლას დაკარგული უფლებებისთვის. პირადად ჩემთვის, მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არასოდეს ჰქონია, ვინ არის მხარე - ჩინიანი თუ უჩინო. გიორგი პაპუაშვილის მიმართ მიწერილ ჩემს არაერთ წერილში მე მუდმივად აღნიშნულის თაობაზე მიწევდა ყურადღების გამახვილება. მე ვიცი, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორუფლებიანი. კანონის სახელით, მთელი 10 წლის განმავლობაში, როლანდ ბლადაძე ამაოდ ებრძოდა უსამართლობას წართმეული ქონების გამო, სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების გამო, იძილებული გახდა ოჯახით გადახვეწილიყო საქართველოდან რუსეთში, ემიგრაციაში გაზრდილიყო მისი ერთი თაობა. ალბათ, დადგა დრო, ქართულმა სასამართლომ მიიღოს პირუთვნელი გადაწყვეტილებები. სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს და ამტკიცებდეს აზრს, რომ ჩვენ, საზოგადოება, ღირსნი ვართ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის, პრინციპებისა და ღირებულებების განუყოფელი ნაწილი, მკვიდრი წევრი“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

 

 

 



კომენტარები