გიორგი პაპუაშვილთან ერთად, დავის მხარეები ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები იქნება

23 დეკემბერი, 2015

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის 2015 წლის 25 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ტარიელ ტაბატაძის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებას ქ. ბათუმში, მდებარე გორგილაძის ქუჩა #37, ბ8, ყადაღა დაედო. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციაზე არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომელიც გიორგი პაპუაშვილთან სადავოდ გამხდარი უძრავი ქონების ყოფილი მეპატრონის, როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს იცავს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის საქმეში არსებითი ხასიათის გარდატეხა მოხდა. მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლა წარმატებული შედეგით დასრულდა. სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სარჩელის აღძვრამდე განცხადება დააკმაყოფილა. სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მომავალ სარჩელში მხარის მოთხოვნები და უძრავი ქონების გასხვისების მყისიერი საფრთხე. შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება სადავოდ არსებულ ქონებაზე ყადაღის წარმოშობის შესახებ. კანონის თანახმად, როლანდ ბლადაძე ამზადებს სარჩელს და 10 დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს. დავის მხარეები იქნებიან გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, წარდგენილი მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს სახით, ბოროტად გამოიყენა უფლების მართლზომიერების პრინციპი და 2004-2007 წლებში უკანონოდ დაეუფლა კერძო საკუთრებას. სახელმწიფომ 2004 წელს საფუძვლიანად იცოდა, რომ როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება შეძენილი გახლდათ 1999 წელს, ნოტარიულად კი დამოწმდა 2000 წელს. სახელმწიფომ ქონების ჩამორთმევა დააფუძნა სავარაუდო დანაშულის ნიშნებს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება ისე, რომ არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა. მეტიც, სახელმწიფო როლანდ ბლადაძეს ედავებოდა თანამდებობის პერიოდში, 2001-2004 წლებში უკანონო შემოსავლებს და ამ გზით ბათუმში, მაშინდელი ერას ქუჩა #37-ში ბინის შეძენას, როდესაც უძრავი ქონება შეძენილ იქნა როლანდ ბლადაძის თანამდებობაზე დანიშვნვამდე. ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ხელყო კერძო მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები, ქონების ჩამორთმევა განხორციელდა არამართლზომიერად, დანაშაული, რომელის ჩადენასაც ედავებოდნენ როლანდ ბლადაძეს, აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით, ცალსახად არ დადასტურდა.

 



კომენტარები