პროექტის ,,სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება" საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

25 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტის ,,სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება“, შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია, საბურთალოს გამგეობაში, გამართა.  პროექტი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში ქალთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, პროექტის დირექტორის, ნინო ვალიკოვის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ, ქალთა სპეციალური ჯგუფის დახმარებით, განახორციელა დაზარალებულების ანკეტური გამოკითხვა, რის შედეგადაც გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც შეექმნათ სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების ქალებს დაკარგული და განადგურებული ქონების კომპენსირების საკითხებთან დაკავშირებით. პროექტში ჩართულმა იურისტებმა სრულად უზრუნველყვეს ბენეფიციარების ადვოკატირება და მათთვის საკუთრების უფლების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. აქტიური კომუნიკაცია ვაწარმოეთ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან, დაზარალებულთა მომართვიანობისა და პრობლემებიდან გამომდინარე.

პროექტის განხორციელებისას ჩატარებული ანკეტურმა გამოკითხვამ მოიცვა სტიქიის მთელი ზონა – წყნეთი (34 ოჯახი), ახალდაბა (23 ქალბატონი) და ჩიქოვანის ქუჩა (3 ქალბატონი). სულ გამოკითხულ იქნა 60 დაზარალებული ოჯახის ქალბატონი. გამოკითხულთა 26% (16 ოჯახი) არის პირველი კატეგორიის დაზარალებული, ხოლო დანარჩენი 74% კი განეკუთვნება მეორე კატეგორიას ან არ აქვთ მინიჭებული შესაბამისი კატეგორია სახელმწიფოს მიერ. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა სახის ინფორმაციას ფლობდნენ დაზარალებული ოჯახები ზოგადად საკუთრების უფლების და კონკრეტულად აღნიშნული სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის წესისა და პირობების შესახებ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან მხოლოდ 7 ქალბატონი ფლობს სრულ ინფორმაციას სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის წესის შესახებ, 12 ფლობს ძალიან ზოგად ინფორმაციას კომპანსაციის წესის ირგვლივ, ხოლო დანარჩენი 41 ქალბატონი, რაც გამოკითხულთა უმრავლესობა, დაახლოებით 70%-ია, საერთოდ არ ფლობს არავითარ ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, დაზიანებული ქონების საკუთრების საკითხს, გამოირკვა, რომ  გამოკითხული 60 ქალიდან მხოლოდ, 12 ქალის ფლობდა საკუთრებაზე უფლობას, ხოლო თანასაკუთრების უფლებით სარგებლობდა 2 ქალბატონი, რაც საკმაოდ ცუდი შედეგია და ხაზს უსვამს ქალთა დისკრიმინაციის პრობლემას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ანკეტური გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოავლინეს შემდეგი პრობლემები: პიველი, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია, ლეგალიზების გარეშე მცხოვრებ დაზარალებულთა ანაზღაურება; ასევე, მოქირავნეთა კომპენსაციის, მორალური ზიანის ანაზღაურების, მიუღებელი შემოსავლის ან დაკარგული სამსახურის ანაზღაურებისა და ანაზღაურების განაწილებისას არასათანადო კოორდინაციის საკითხები.

აღნიშნული პრობლემების ანალიზის საფუძველზე, ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც მიზნად ისახავს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და სტიქიით დაზარალებულთათვის ადეკვატური კომპენსაციის მიღების საშუალების მიცემას. რეკომენდაციები მომზადდა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზების კომისიის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და  თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტს ახორციელებდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი განხორცილედა ფონდის პროგრამის: „ქალები თბილისის დასახმარებლად“ ფარგლებში. პროექტი სამი თვის განმავლობაში, 2015 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, მიმდინარეობდა. 



კომენტარები