2015 წლის 27 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოცხადებული ანალიტიკური თემების კონკურსში: „სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“ მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეების საჯარო პრეზენტაციები გაიმართა. სულ ცხრა მონაწილემ არჩეულ თემებზე პრეზენტაციები პრესკონფერენციის გზით გამართეს. ჟიურს შეადგენდა სააგენტო „პირველის“ რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, კონსტიტუციონალისტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე თორნიკე ჭეიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი. საჯარო პრეზენტაციებში მონაწილეობა მიიღეს ბილლი ისიანმა, ეთერ გვარამაძემ, ანი თოფურიამ, სალომე ოღაძემ, გიორგი გოგუამ, სოფიო მენთეშაშვილმა, ვლადიმერ ქინძოძემ, თამარ აბულაძემ და გიორგი ჯოჯუამ. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა გია გაგნიძეს საკუთარი ინიციატივით საჯარო პრეზენტაციაში მონაწილეობა არ მიუღია. კონკურსანტებმა წარმოადგინეს მსჯელობები თემებზე: „ხალხი და დემოკრატია“, „რატომ ვირჩევთ ევროპას?“ და „არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი“. კონკურსანტებსა და ჟიურის წევრებს შორის, საჯარო პრეზენტაციების დროს, დიალოგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმშიც.
ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც მოიცავდა პერიოდს 2015 წლის 17 ნოემბრიდან 8 დეკემბრის მდგომარეობით, მონაწილეობა მიიღო, სულ 18-მა პირმა.
მეხუთე ეტაპზე მოხდება კონკურსში მონაწილე გამარჯვებული და წარმატებული ავტორების დაჯილდოვება. პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ ავტორს გადაეცემა 300 ლარი, მეორე ადგილზე გასულს - 200 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ავტორს - 100 ლარი. მეექვსე ეტაპზე, კონკურსის ყველა თემა გამოქვეყნდება ორგანიზაციის სამეცნიერო ჟურნალში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ გადაწყვეტილებით, კონკურსის შესაბამის ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან 2015 წლის 29 დეკემბერს, ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა დიპლომი.