მადლობა ყველა ადამიანს, რომელებიც 2015 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ. მადლობა ჩემს კოლეგებს, რომელთა ერთადაც, ჩვენ ერთად შევძელით ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და მილიონი წინააღმდეგობის მიუხედავად, არც მილიონი მიგვიღია და არც მილიონის მიღება ყოფილა ჩვენთვის მთავარი მიზანი. მიზანი იყო, არის და იქნება უკეთესო ქვეყნისთვის ბრძოლა და ღირსეული საზოგადოება, ჩვენი ფასეულობები და პრინციპები - აღნიშულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა 2015 წლის 29 დეკემბერს, წლის შემაჯამაბელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და საზოგადოებას ორგანიზაციის 2015 წლის საქმიანობა გააცნო.
- ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში, 2015 წელი, კიდევ უფრო მეტად დატვირთული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. თუკი სტატისტიკურ მონაცემებს გავყვებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის განმავლობაში, 80 ბრიფინგი და 177-ზე მეტი საჯარო განცხადება მოვამზადეთ. ორგანიზაციას გააჩნდა მკაფიო და პრინციპული დამოკიდებულებები საზოგადოებრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის მთავარი მოვლენების მიმართ, რომელმაც გავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე. დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი, ინსტიტუციური რეფორმები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები, მართლმსაჯულების რეფორმა, ევროინტეგრაცია, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფა, სწორედ აღნიშნული პროცესების მიმართ, ერთ-ერთი აქტიური და ჩართული ორგანიზაცია აღმოჩნდა „ახალგაზრდა ადვოკატები“. შესაბამისად, 2015 წელს, ორგანიზაციამ განვლო საზოგადოებრივი ნდობის გზაც და გააგრძელა შიდა ინსტიტუციური განვითარებაც. ორგანიზაცია 2015 წლის 28 იანვრიდან, კაბინეტურ მმართველობაზე გადავიდა. ორგანიზაციის ახალი წესდებით, შეიცვალა მმართველობითი რგოლი. ორგანიზაციას, სადამფუძნებლო საბჭოს ერთპიროვნული მმართველობის ნაცვლად, სათავეში ორი წლის ვადით არჩეული ხელმძღვანელი ჩაუდგა. ხელმძღვანელმა დააკომპლექტა ორგანიზაციის კაბინეტი (აღმასრულებელი გუნდი). წესდებით, დაზუსტდა ორგანიზაციის საქმიანობის ფორმები, მისია და ჩართულობა. მერგო პასუხიმგებლობა, ორგანიზაციის პირველი არჩეული ხელმძღვანელის სტატუსით გამეგრძეოლებინა საქმიანობა. 2015 წლის პირველ ნახევარში, შეიცვალა „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდიც. ჩვენი თანამშრომლები კონკურენტუნარიანნი აღმოჩდნენ - მათ დაიკავეს საპასუხისმგებლო პოზიციები საჯარო სამსახურში, ხოლო ორგანიზაციამ ღია და გამჭვირვალე კონკურსების გზით, გზა გაუხსნა სამართლის ახალგაზრდა სპეციალისტებს. ორგანიზაციაში სტრატეგიული პროექტების მომზადების, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გაზრდის, ადამიანური რესურსის მართვისა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვის საკითხებზე, „Peace Corps“-ის პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ადვოკატები“ 6 თვის განმავლობაში მასპინძლობდნენ უცხოენოვან მოხალისეს, დევიდ მაიოს. ორგანიზაციამ 2015 წლის მანძილზე, განახორციელა სამი ახალი პროექტი: „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა“, საინფორმაციო კამპანია ეროვნულ უმცირესობათა თემებში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“ და თბილისში, 2015 წლის 13 ივნისის „სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება“. გაგრძელდა თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. განხორციელდა კველივითი საქმიანობა, მონიტორინგები, მომზადდა სარეკომენდაციო წინადადებები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. მომზადდა აქტუალურ თემებზე მრგვალი მაგიდები და შეხვედრები. საქართველოს პარლამენტმა განიხილა ორგანიზაციის მიერ მომზადებული სამი საკანონმდებლო წინადადება. ერთ-ერთ მათგანზე, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ მოამზადა სარეკომენდაციო წერილი. ადამიანის უფლებების დაცვისა და ადვოკატის პროფესიის განვითარებისთვის, 2015 წლის იანვრიდან, დავაფუძნეთ ახალი იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატები“, სადაც ამჟამად „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტები და მოწვეული სპეციალისტების საქმიანობენ. ამასთან, გამორჩეული იყო საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის სხვა პროცესიც. ორგანიზაცია აქტიურად იღებდა მონაწილეობას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თემატურ სხდომებშიც.
- ჩვენი წარმატებული საქმიანობის შემთხვევებად უნდა აღინიშნოს ის გარემოებებიც, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2015 წლიდან ჩაერთო ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან არსებულ სამუშაო ჯგუფში. 2015 წლიდან ორგანიზაცია მონაწილეობას ღებულობს საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში. 2015 წლის თებერვალში, ორგანიზაცია აღმოჩნდა ერთ-ერთი წარმდგენი და მხარდამჭერი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შესთავაზა. 2015 წლის აპრილიდან, ორგანიზაცია ჩაერთო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაშიც. 2015 წლის 30 აპრილს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაციათა მუდმივმოქმედი ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“. 2015 წლის 30 აპრილს, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურისტი ანა კიკნაძე არჩეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრად, 2015 წლის დეკემბრიდან კი, ორგანიზაცია გახდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სრულუფლებიანი წევრი.
- ორგანიზაციის პოზიცია არაერთხელ გამხდარა დისკუსიის საფუძველი. 2015 წლის საქმიანობის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ორგანიზაციის სახელით, საერთო სასამართლოებში მიმდინარე გახმაურებული დავები. წლის პირველ ნახევარში, მარიკა არევაძის მონაწილეობით, ჩვენ შევძელით პრეცედენტული დავის წარმატებით დასრულება არასრუწლოვან გიორგი კ-ს საქმეზე. 2015 წლის დეკემბერში, ორგანიზაციის იურისტების აქტიური მონაწილეობით, გარდატეხა მოხდა ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის საქმეზეც - სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაოდ გამხდარ ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც 12-წლიანი ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს უფლების მოპოვებაზე, წარმატებით დასრულდა. ორგანიზაციამ 2015 წელს დაიწყო, ასევე პრეცედენტული დავა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, რითაც მიზნად დაისახა ქვეყანაში დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შეცვლა. ჩვენი საქმიანობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ 2015 წელს, ადამიანის უფლებების დარღვევის ტოტალური ფაქტები გამოვლინდა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მხრიდანაც, რაზეც მეტყველებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ დავებზე ორგანიზაციის მიერ მომზადებული არაერთი სარჩელი და მოქალაქეების მიმართ, გაწეული უფასო იურიდიული კონსულტაცია.
- ჩვენი ფასეულობები, ღირებულებები და პრინციპები შეუცვლელი იქნება. 2016 წელი გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს. სამართლიანობის აღდგენის პროცესი, კანონის უზენესობა, ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულების რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება, ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლის მიმართაც, „ახალგაზრდა ადვოკატები“ იქნება ჩართული და აქტიური ორგანიზაცია. ჩვენი მისია, ჩვენი მიზანი და საზოგადოებრივი ამოცანა კვლავ დახმარების მთხოვნელი მოქალაქეების გვედრით დგომა იქნება. ჩვენ და საზოგადოება, ვართ ერთი გუნდი, რადგანაც ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც დემოკრატიული, წარმატებული და გამთლიანებული ქვეყანა გვინდა. ამ მიმართულებით, 2016 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადებაც, საზოგადოებასაც და სამოქალაქო სექტორსაც, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ჩვენ გვინდა მეტი ევროპა საქართველოში და ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანასწორუფლებიანი საზოგადოება. პროფესიას და პროფესიონალებს შეუძლიათ ეს გზა სამაგალითო და მისაბაძი გახადონ. ჩვენ ვირჩევთ ამ გზას, რომელიც გამოხატავს ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის სიმბოლოს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ღირებულებებიც სწორედ ესაა.
- „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2015 წლის განმავლობაში, პროფესიული ნდობისა და თანამშრომლობისთვის, ყველა ჩვენთან დაკავშირებულ პირს, განსაკუთრებულ მადლობას გადაუხდის. ჩემი მადლობა მინდა ცალკე გამოვყო იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც 2015 წლის მანძილზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდის სახელით, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებდნენ. ჩვენი დონორი ორგანიზაციების მიმართაც, რომელთა დახმარებითაც, ჩვენ გვქონდა სამუშაო გარემო. ვიმედოვნებთ, 2016 იქნება გაცილებით საინტერესო და შემოქმედებითი, რადგანაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ - წინ მიმავალთა ორგანიზაციაა!