საარჩევნო გარემო და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, ეს არის საკითხები, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი ინტერესის სფეროა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ვიმედოვნებთ, რომ ის ხარვეზები და ის რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო გარემოს, დარჩენილ ვადაში, გააუმჯობესებს, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების სახით იქნება მიღებული. სხვა შემთხვევაში, სამართლიანი არჩევნების იდეა დაიკარგება. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საზოგადოება, ხელისუფლება და ყველა სექტორი თუ ინსტიტუცია უნდა გრძნობდეს და ვაცნობიერებდეთ ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას და კონსტიტუციურ დებულებას, რომ ხელისუფლების მთავარი წყარო არის ხალხი. მნიშვნელოვანია, რომ ხალხი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ხალხი მოვიდეს საარჩევნო უბნებთან და ხალხმა მართოს ის პროცესი, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ წაიყვანს - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, საზოგადოებრივი რადიოს გადაცემაში: „განსხვავებული აზრი“ განაცხადა, სადაც მოწვეულ სტუმრებთან - ა/ო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ ლელა ტალიურთან და ა/ო „კონსტიტუციის 42 მუხლიდან“ ელენა ფილეევასთან ერთად, 2016 წლის არჩევნების საკითხებზე ისაუბრეს.