არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს დააკვირდება და არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს. ორგანიზაციამ შესაბამისი წერილით, თსუ-ის რექტორს უკვე მიმართა.
„ჩვენი სურვილია დავაკვირდეთ პრეტედენტებთან გასაუბრებას - 2016 წლის 14 იანვრიდან არაუგვიანეს 28 იანვრისა, როგორც ეს რექტორის 2015 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება #109/2015 დანართ #1-შია აღნიშნული. ამასთან, თუკი აკადემიური საბჭოს მიერ პრეტედენტების შეფასების განხორციელება და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატის წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენის პროცესი იქნება მონიტორინგისთვის ღია და საჯარო, ორგანიზაცია დააკვირდება ამ პროცესსაც“ - ნათქვამია რექტორის მიმართ გაგზავნილ წერილში.
„ახალგარზდა ადვოკატების“ განცხადებით, კანცლერი უნივერსიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობაა, რომლის არჩევაც უნდა მოხდეს გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს პირობებში.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ 2013 წლის აგვისტოში, ასევე მოახდინა მნიშვნელოვანი მონიტორინგის განხორციელება თსუ-ის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ მაშინ ყურადღება დაუთმო, უნივერსიტეტში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მდგომარეობას, ასევე არჩევნების დღის პროცედურულ ნაწილს და გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის რექტორი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად იქნა არჩეული და რომ თსუ–ში, 2004 წლის შემდეგ, პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა.