ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ ჯგუფი, 2016 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ბანკების/საკრედიტო დაწესებულებების/კერძო გამსესხებლების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს დაუთმობს და საზოგადოებას გამსესხებელსა და მომხამარებელს შორის ჩამოყალიბებულ პრობლემურ მხარეებთან დაკავშირებით, კვლევის შედეგებს წარუდგენს. ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, მარიკა არევაძის განცხადებით, 2015 წლის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ბანკები/საკრედიტო დაწესებულებები/კერძო გამსესხებლები საქართველოში ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ. პრობლემებია სასესხო ურთიერთობებში, როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო სივრცეში. არაჯეროვანი თუ არასათანადო ინფორმაციის ფონზე, არ ხდება მოქალაქეების მიერ სწორი სამართლებრივი მოქმედებების დაგეგმვა/განხორციელება. მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში, იმ შექმნილი სტანდარტული პირობების ტყვეობაში ხვდებიან, სადაც საფრთხის წინაშე დგება უძრავი ქონება, საკუთრების უფლება და სხვა. მარიკა არევაძის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოება, 2016 წელს, კონკრეტულ საქმეებსა და დაუჯერებელ ფაქტებს იხილავს, რომელის ადვოკატირებასაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფი ახდენს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ბანკებს/საკრედიტო დაწესებულებებს/კერძო გამსესხებლებსა და მოქალაქეებს შორის ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინების გარეშე დგება, როდესაც საქართველომ, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო, მათ შორის დისკრიმინაციული მოპყრობის მიმართულებით. შესაბამისად, ორგანიზაცია საკითხს ანალიზის დონეზე დააყენებს და საზოგადოებას პრობლემურ მხარეებზე დისკუსიას შესთავაზებს. ამჟამად, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მუშაობს კვლევაზე: „სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ახალი სტანდარტების საჭიროება ქართულ რეალობაში“, რომლის მიზანია, სწორედაც აღნიშნულ სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწვლა, ანალიზი და სასურველი ცვლილებების/ახალი სტადარტების დამკვიდრება. კვლევის საფუძველზე, ორგანიზაცია ვარაუდობს მორიგი საკანონმდებლო წინადადების მომზადებას და მის ადვოკატირებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შესწავლილ იქნება აშშ-ის, ავსტრიის, გერმანიის, ბელგიის, იტალიის, საფრანგეთის, ინგლისის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მაგალითები. კვლევის შედეგების გამოქვეყნება 2016 წლის მარტშია დაგეგმილი.