თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე როლანდ ბლადაძის სარჩელი, ხარვეზის გარეშე, წარმოებაში მიიღო. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, კიდევ ერთი გაბედული და დამოუკიდებელი ნაბიჯი უწოდა.
არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმოებაში მიღებით, ფაქტობრივად, სასარჩელო მოთხოვნების სამართლიანობასა და კანონიერებას გაესვა ხაზი. სასამართლოს შეეძლო წარდგენილი სარჩელის მიმართ ხარვეზი დაეშვა, საქმე არ მიეღო წარმოებაში, სარჩელის დასაშვებობის საკითხი განეხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა ასე არ მოხდა. მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ შეძლო დაეცვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ინტერესები, მიუკერძოებელ გარემოში განეხილა სარჩელი და მიღო ზეგავლენისგან თავისუფალი გადაწყვეტილება.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება ისტორიული პროცესი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მკაფიო მაგალითია. მოცმეული დავის მხარეები არიან: გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
არჩილ კაიკაციშვილი წარდგენილი სარჩელით მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი ცნობილი იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად და შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 90-გვერდიან სარჩელში ყველაფერი ცალსახად მიუთითებს, რომ სახელმწიფომ, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს სახით, ბოროტად გამოიყენა უფლების მართლზომიერების პრინციპი და 2004-2007 წლებში უკანონოდ დაეუფლა კერძო საკუთრებას. სახელმწიფომ 2004 წელს საფუძვლიანად იცოდა, რომ როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება შეძენილი გახლდათ 1999 წელს, ნოტარიულად კი დამოწმდა 2000 წელს. სახელმწიფომ ქონების ჩამორთმევა დააფუძნა სავარაუდო დანაშულის ნიშნებს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება ისე, რომ არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა. მეტიც, სახელმწიფო როლანდ ბლადაძეს ედავებოდა თანამდებობის პერიოდში, 2001-2004 წლებში უკანონო შემოსავლებს და ამ გზით ბათუმში, მაშინდელი ერას ქუჩა #37-ში ბინის შეძენას, როდესაც უძრავი ქონება შეძენილ იქნა როლანდ ბლადაძის თანამდებობაზე დანიშვნვამდე. ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ხელყო კერძო მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები, ქონების ჩამორთმევა განხორციელდა არამართლზომიერად, დანაშაული, რომელის ჩადენასაც ედავებოდნენ როლანდ ბლადაძეს, აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით, ცალსახად არ დადასტურდა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დავის მონაწილე მხარეებს 21 იანვრამდე აქვთ ვადა, რათა საკუთარი დამოუკიდებელი სასარჩელო პოზიციები წარუდგინონ სასამართლოს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა პოზიციებს აირჩევს იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროები, დაეთანხმებიან სარჩელს თუ - არა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, აპირებს საჯარო გახადოს დავის ყველა მხარის წარმოდგენილი პოზიცია. მისივე თქმით, თუკი სასამართლო ხელისუფლებამ კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვით, შეძლო პრინციპულ დავაზე ობიექტური გადაწყვეტილებები მიეღო, მნიშვნელოვანია, რა პოზიცია ექნება აღმასრულებელი ხელისუფლების ორ სამინისტროს სამართლიანობის აღდგენის პროცესში. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლო სხდომას დემოკრატიის ტექსტი უწოდა და განაცახდა, რომ სასამართლოს ყველა სხდომას საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორები დაესწრებიან.
ცნობისთვის: როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებას ქ. ბათუმში, მდებარე გორგილაძის ქუჩა #37, ბ8, ყადაღა დაედო. არჩილ კაიკაციშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი პაპუაშვილმა ყადაღის წარმოშობის გადაწყვეტილება 2016 წლის 4 იანვარს გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ 11 იანვრის განჩინებით, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ხარვეზი დაადო, ვინაიდან გიორგი პაპუაშვილმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ამჟამად, მხარისთვის უცნობია, გადაიხადა თუ არა სახელმწიფო ბაჟი გიორგი პაპუაშვილმა. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც სადაო ქონებას ამჟამად ადევს ყადაღა, საქმე წარმოებაშია მიღებული, არ არსებობს პრეცედენტი, სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებამდე, სადაო ქონებაზე წარმოშობილი ყადაღა გააუქმოს.