ორგანიზაცია „ახალგარზდა ადვოკატები“ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის წარმატებულად განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დააჯილდოვა. სპეციალური სერტიფიკატი 2015 წლის 18 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციას მინისტრმა სოზარ სუბარმა გადასცა. როგორც გამოსვლისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მიგრანტთა დახმარების სარეიტეგრაციო პროგრამა უნიკალურია, ხოლო ამ პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობამ, ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ 8 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სამშობლოში დაბრუნებული 7 მიგრანტის იურიდიული წარმომადგენლობა შეძლო, ხოლო 12 მიგრანტს გაეწია სამართლებრივი კონსულტაცია. არჩილ კაიკაციშვილმა აქცენტი გააკეთა პროექტის განხორციელების დროს არსებულ ხარვეზულ მხარეებზე და აღნიშნა, რომ პროექტის შემდგომ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაითვალისწინოს სარეკომენდაციო წინადადებები, რაც სამშობლოში დაბრუნებულ გაცილებით მეტ თანამოქალაქეს მისცემდა სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას.
პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა. საგრანტო კომისიამ დადებითად შეაფასა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიგრანტთა იურიდიული დახმარების შესახებ წარდგენილი საპროექტო განაცხადი და პროექტი 20.000 ათასი ლარით დაფინანსდა.
არჩილ კაიკაციშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი გააგრძელებს თანამშრომლობას იურიდიული საჭიროების მქონე მიგრანტების დახმარების მიმართულებით. შეხვედრა პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით მოხდა. დღესვე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მომზადებული საინფორმაციო კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა.