„ახალგაზრდა ადვოკატებმა" სამთავრობო გეგმის შესრულებაზე რეკომენდაციები წარადგინეს

23 იანვარი, 2016

2016 წლის 23 იანვარს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, პროექტ: „ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში", შუალედური საქმიანობის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში, სამთავრობო გეგმის შესრულებასა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა, ანა კიკნაძემ კი საკუთრების უფლების დაცვაზე.

კომიტეტისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების თემაზე კომიტეტისთვის წინადადებების გაცნობა. თითქმის ოთხი თვის განმავლობაში, კომიტეტთან არსებულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში შემავალმა და საბჭოს არაწევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამთავრობო გეგმის შესრულების საკითხებზე, 100-მდე სარეკომენდაციო წინადადებები შეუმუშავეს. წარმოდგენილი რეკომენდაციები შეეხო შემდეგ სფეროებს: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, სასჯელაღსრულების სისტემა, პრობაცია და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია, ბავშვთა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებების დაცვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობის უფლებების დაცვა, ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, შრომითი უფლებების დაცვა და საკუთრების უფლებების დაცვა. 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვადასხვა თემატურ ჯგუფში გადანაწილდა და სამთავრობო გეგმის მიმდინარეობის მონიტორინგი განახორციელა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში ჩამოყალიბებული სარეკომენდაციო წინადადებების პრეზენტაცია შედგა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მაღალი პროგრესია იმასთან შედარებით, რაც სამი წლის წინ ქვეყანაში იყო. მისივე განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამ პროექტის მიზანია, რომ ყველა მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაძლიერდეს საპარლამენტო კომიტეტის მონიტორინგი, თუ როგორ სრულდება ადამიანის უფლებების დაცვის გეგმა. ამ პროექტში, ასევე მიზანია აქტიურად იყოს ჩართული არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებითვე, სამოქალაქო სექტორთან კარგი სათანამშრომლო გარემო ჩამოყალიბდა და არსებობს მუდმივი მონიტორინგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება გეგმა. მისივე შეფასებით, დინამიკა აჩვენებს, რომ გეგმის შესრულების მაღალი მაჩვენებელია. პროექტის ფარგლებში, 20-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა, კომიტეტს კი აქვს მაღალი შეფასება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მონიტორების მხრიდან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, იმავდროულად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მომზადებულ რეკომენდაციებს აქვს საქმიანი დოკუმენტის პრეტენზია. რეკომენდაციები არის კრიტიკულიც და პოზიტიურიც და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს წარდგენილ წინადადებებს, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა საპარლამენტო კონტროლის სახით, მთავრობას შესთავაზა. მისივე შეფასებით, რეკომენდაციების გაზიარების შემთხვევაში, ქვეყანაში უფლებების საკითხი იქნება უფრო მეტად გარანტირებული და დაცული.

შეხვედრის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები მთავრობას გადაეგზავნება, ხოლო კომიტეტი რეკომენდაციების ავტორ ორგანიზაციებთან ერთად, მოისმენს მთავრობის პოზიციას და შემდგომში განახორციელებს შესრულების მონიტორინგს. შეხვედრაზე არ გამოირიცხა ანალოგიური შეხვედრის ორგანიზება საქართველოს რეგიონებშიც, ადგილობრივი ორგანიზაციების მონაწილეობით. ამასთან, აღინიშნა, რომ შესაძლებელია რეკომენდაციები დოკუმენტის სახით გამოიცეს. ეკა ბესელიამ სარეკომენდაციო პაკეტის მომზადებაში ჩართულ კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს წევრ და არაწევრ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაწეული საქმიანობა ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგის კარგ ფორმებს იძლევა.

ცნობისთვის: პროექტი: ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო  როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე’’ 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროცესი მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას. პროექტს „ვესტმინსტერის“ ფონდი ახორციელებს და 2016 წლის მარტის ჩათვლით გაგრძელდება.



კომენტარები