არჩილ კაიკაციშვილი: პრემიერი იზიარებს მიდგომას, რომ მესამე სექტორი ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია

26 იანვარი, 2016

2016 წლის 25 იანვარს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრაზე, ყურადღება დაუთმო ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ქვეყანაში ახალი თვალით უნდა შეხედოს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და სამოქალაქო ორგანიზაციების როლის ასახვა, შესაბამისად უნდა მოხდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტშიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის საპასუხოდ განაცხადა, რომ სრულად ეთანხმება ასეთ მიდგომებს. მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გიორგი კვირიკაშვილის თქმითვე, 26 იანვრის შეხვედრის მიზანიც მაქსიმალურად გულწრფელი დიალოგის გამართვაა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

„ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის მიზანია მაქსიმალურად გახსნილად ვილაპარაკოთ ერთმანეთთან იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომელიც შეიძლება ყველა ჩვენგანს აწუხებდეს. მთლიანობაში, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი - კიდევ უფრო მაღალი. რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება გამჭვირვალობის ზრდისკენ და ასევე, მაქსიმალური ჩართულობისკენ. რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მინდა რომ ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის არის აქტუალური" - განაცახდა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი თავის შეფასებაში ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ხელმძღვანელის, ირინა ფუტკარაძის შეფასებასაც გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერთან დიალოგში განაცხადა, რომ საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ფონდები სამოქალაქო ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებას, ხშირ შემთხვევაში, არაობიექტურად ახდენენ. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საგრანტო პოლიტიკა შესაცვლელია და ამ მიმართულებით, მეტი ყურადღება დასათმობი. „ჩვენ, ამ მიმართულებითაც ვცდილობთ, პროცესი გავხადოთ სამართლიანი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ქეისი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-სა და სწავლების ცენტრის მიმართ. ამიტომაც, იმისთვის, რომ შევცვალოთ გარემო, 2016 წლის 11 თებერვალს, ყველას გიწვევთ ამ პრეცედენტულ პროცესზე“ - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა სადისკუსიო თემაზე მსჯელობისას.

ქვეყანაში საგრანტო პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის შეფასების დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მიღებული ინფორმაცია საინტერესოა. ასევე, პრემიერმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასების მისამართით აღნიშნა, რომ დაინტერესდება, თუ რა ქეისი განიხლება სასამართლოში.

 



კომენტარები