2016 წლის 28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპქტორის მოწვევით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძებაზე ინსპექტორის აპარატის მიერ გამოცხადებული ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსის: „დაიცავი შენი პერსონალური მონაცემები!“ გამარჯვებულების დაჯილდოვება მოხდება. როგორც აპარატის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსში მონაწილეობა 60-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო, რომლებმაც პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე სხვადასხვა ნამუშევარი წარმოადგინეს.
ცნობისთვის: ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, წელს მეათედ აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ქვეყანაში 2013 წლის ივლისში შეიქმნა და იგი ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებს. ინსპექტორის აპარატი მონაცემთა დამმუშავებლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ინტენსიურად მუშაობს. შედეგად, ოფიციალური მონაცემით, 2015 წელს 6-ჯერ გაიზარდა მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა, ხოლო ინსპექტირების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. საბანკო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, სადაზღვევო თუ მომსახურების სფეროში არსებული მსხვილი კომპანიები, სამინისტროები და სხვა საჯარო უწყებები ინსპექტორის აპარატს კონსულტაციისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავენ, მათთვის რეგულარულად ტარდება ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპქტორის აპარატთან. ორგანიზაციამ 2015 წელს აპარატი „ყველაზე კომუნიკაბელური უწყების“ ნომინაციაში დააჯილდოვა.