„ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნით, ცესკოს და სწვალების ცენტრის მიმართ პროცესი მარტში გაგრძელდება

11 თებერვალი, 2016

2016 წლის 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეცედენტულ დავაზე, საქმისწარმოება განაახლა. სხდომაზე განხილულ იქნა მხარეთა შუამდგომლობები. სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მტკიცებულების სახით საქმეზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 10 ნოემბერს დამტკიცებული „ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013-2014 წლების შესაბამისობის #65/00 აუდიტის ანგარიშის“ დართვას. მხარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. იქედან გამომდინარე, რომ სასამართლომ 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელე „ახალგაზრდა ადვოკატების“ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს დაურთო ზემოაღნიშნული აუდიტის ანგარიში, სასამართლომ საქმის ყოველმხრივ გამოკლევის საფუძველზე, საჭიროდ მიიჩნია წარმოდგენილი დოკუმენტის გაცნობა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი არ დაეთანხმა მოპასუხის შუამდგომლობას და აღნიშნა, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს არა აუდიტის დასკვნებში მოყვანილი მსჯელობა, არამედ დავის არსი - სადაო ბრძანების კანონიერება და მოპასუხეების მართლზომიერების საკითხი. არჩილ კაიკაციშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საფუძვლიანადაა შესასწავლი აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება და დასადგენი, ხომ არ ემსახურება მიღებული გადაწყვეტილება ორ მიზანს - გენერალურმა აუდიტორმა რეზონანსული დავის პროცესში იკისროს ცესკო-ს დაცვა და მეორე - თავად ცესკო-ს ჰქონდეს ნდობა და მაღალი ლეგიტიმაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. სწორედ აღნიშნული შეხედულების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ გაიზიარა არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობაც და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს უნდა მისცემოდა გონივრული ვადა მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტის გაცნობისა და შემდგომი სამართლებრივი პოზიციებისთვის. შესაბამისად, დაკმაყოფილდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანება, რითაც ორგანიზაციას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ინოვაციური პროექტის „ყველა ხმა მომგებიანია“ დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ასევე, სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბერის განკარგულება #170/2015 ბათილად ცნობა, რომლმაც ძალაში დატოვა სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანება. ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს სასამართლოს განიხილოს ცესკო-ს 2015 წლის 5 ნოემბრის მოქმედებები ორგანიზაციის თანამშრომლების სხდომის დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რამაც დაარღვია ადმინისტრაციულის სხდომის საჯაროობის პრინციპი. ორგანიზაცია სხდომაზე მიღებულ ცესკო-ს განკარგულებას, სწორედ ზემოაღნიშნული საჯაროობის უზრუნველყოფის დარღვევის გამოც, უკანონოდ მიიჩნევს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომლთა დამფუძნებლებიც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ერთი და იგივე პირები არიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ოთხი შუამდგომლობიდან, ოთხივე დააკმაყოფილა. სასამართლომ საქმეს დაურთო:

  • მტკიცებულება - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის #03-03/1514 წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, 2015 წლის 12 აგვისტოს, ცესკო-ს სხდომაზე იმყოფებოდნენ ორგანიზაციის ის თანამშრომლები, რომლებსაც ცესკოს მხრიდან, ანალოგიური ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ სხდომაზე, 2015 წლის 5 ნოემბერს, საშუალება არ მიეცათ პროცესს დასწრებოდნენ. მოცმეულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ პირდაპირ დაარღვია კანონი - საქმის საჯაროობის პრინციპი, რაც სადაო გამხდარი ბრძანებების ბათილად ცნობის პირდაპირი საფუძველია.
  • მტკიცებულება - საარჩევნო კამპანიებსა და არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა აქტიურობის გაზრდის ერთ-ერთი მოტივაციის გათამაშებების საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ დოკუმენტური მასალები. ჩვენს შემთხვევაში, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ დასავლეთში დამკვიდრებული პრაქატიკა, საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა, რაც გახდა ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის განმსაზღვრელი. შესაბამისად, სასამართლოს უკვე ექნება სრული წარმოდგენა, თუ რა პრეცედენტების დამკვიდრებას სურდა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ წარდგენილი პროექტით.
  • მტკიცებულება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2013, 2014 და 2015 წლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ „საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში“ ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიშები. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების საფუძველზე, სწავლების ცენტრის მიერ საგრანტო კონკურსში გაცემული სახელმწიფო თანხები არამიზნობრივადაა შეფასებული. ზემოაღნიშნული საანგარიშო პერიოდი სწორედაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სადაოდ მიჩნეულ წლებს წარმოადგენს. ორგანიზაციას 2013, 2014 და 2015 წლებში, სწავლების ფონდმა, არც ერთი პროექტი არ დაუფინანსა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სწავლების ცენტრი მოქმედებდა და მოქმედებს სუბიექტური შეხედულებებით, სამოქალაქო ორგანიზაციებთან პირადი განწყობებით და ხელმძღვანელობს საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებთან ახლოს მდგომი არასამთავრობო ორგანიზაციების ლობირებით. საქმეზე თანდართული დოკუმენტები, თავისი შინაარსით, სკანდალურია. შესაბამისად, მისი გაცნობის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, კიდევ უფრო მეტად იზრდება.
  • „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიერ საქმეზე მეოთხე შუამდგომლობა მდგომარეობდა სასამართლო სხდომებზე ფოტოგადაღების განხორციელების ნებართვასთან დაკავშირებით. მოთხოვნა დასაბუთდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 (1) მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. მოსამართლემ მეოთხე შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ მიიღო. შუამდგომლობა მაღალი საჯარო ინტერესის სასარგებლოდ გადაწყდა და დასაბუთდა, რომ საჯაროობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, კონსტიტუციური პრინციპია, რომელიც მაღთლმსაჯულებას უნდა უზრუნველყო. შესაბამისად, ორგანიზაციას შემდგომი სხდომების ფოტოგადაღების ნებართვა მიეცა.

შეძლებს თუ არა სასამართლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების მიერ გამოცხადებული დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შეცვლას, სასამართლო პროცესები და მიღებული გადაწყვეტილება აჩვენებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 2016 წლის 11 მარტს, 16:30 საათზე განახლდება. 



კომენტარები