გიორგი პაპუაშვილის საჩივარი ყადაღის მოხსნაზე, არც ადმინისტრაციულმა კოლეგიამ დააკმაყოფილა

11 თებერვალი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამოდმინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2016 წლის 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებზე სადაო ქონებაზე წარმოშობილი ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი, თავისუფალი და მიუკეროებელი სასამართლოს პირობებში, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღო სამართლიანი და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი გადაწყვეტილება, რამაც მოცემულ ეტაპზე, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მოსარჩელე როლანდ ბლადაძის სარჩელი პერსპექტიულია და მას გააჩნია განსაკუთრებული იურიდიული ინტერესი - დაიბრუნოს წართმეული ქონება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია განიხილავს საქმის განსჯადობის საკითხს - სამართალწარმოება გაგრძელდეს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო განხილვის წესით. საქმე განიხილებოდა სამოქალაქო კოლეგიაში, თუმცა მისმა განხმილველმა მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ, მოსარჩელის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის შეუტყობინებლად, მიიღო გადაწყვეტილება საქმის ადმინისტრაციულ კოლეგიისთვის გადაცემის შესახებ. შესაბამისად, როლანდ ბლადაძეს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, საკუთარი სამართლებრივი პოზიციები წარმოედგინა მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის მიმართ, რომელმაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობას დააფუძნა. მოსარჩელე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სადაოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადია და ის ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. აღნიშნულ შემთხვევებზე მეტყველებს საქართელოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებაც.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ამჟამად სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ მიღებულ განჩინებას 2016 წლის 11 თებერვალს გაეცნო. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამოდმინარე, საზოგაოებას ვთავაზობთ საქმეზერ მიღებულ გადაწყვეტილების სრულ ტექსტს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 25 ნოემბერს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მომართა როლანდ ბლადაძის წარმომადგენელმა და მოითხოვა გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით როლანდ ბლადაძის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება 2015 წლის 11 დეკემბერს გაასაჩივრა როლანდ ბლადაძის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის

26 ნოემბრის განჩინების გაუქმება.  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინებით როლანდ ბლადაძის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით როლანდ ბლადაძის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა: ყადაღა დაედო მოპასუხე - გიორგი პაპუაშვილის (პ/ნ: 01017001821) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N37, ბინა N8, ფართი: 277.91 კვ.მ, საკადასტრო კოდი N05.23.17.008.01.008; განმცხადებელს - როლანდ ბლადაძეს განემარტა, რომ წინამდებარე განჩინების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მას სასამართლოში უნდა აღეძრა სარჩელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგეგ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანდა განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების შესახებ. 2015 წლის 30 დეკემბერს, როლანდ ბლადაძის წარმომადგენელმა სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეებად მიუთითა გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მოითხოვა 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ცნობა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა გიორგი პაპუაშვილმა, სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით გიორგი პაპუაშვილის საჩივარი, სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის სვიმონ ფირცხალაიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სამოქალაქო საქმე №2/28086-15 განსჯადობით გადმოეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უფლებათა დაცვის დროებით საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს, მისი გამოყენება დასაშვებია იმ პირობებში, როცა მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც პროცესუალური ინსტიტუტის დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვას სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებლობისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197.1 მუხლის თანახმად, გიორგი პაპუაშვილის საჩივარი უნდა გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას“ - ნათქვამია განჩინებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 197-ე, 1971-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გიორგი პაპუაშვილის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს და განსახილველად გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

2. განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება.



კომენტარები