ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) შერჩევის კონკურსთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ საბჭოს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეჩერდეს კანცლერის შერჩევის პროცესი, რომელიც მიღეებული გადაწყვეტილებებით უკვე გახდა კანონსაწინააღმეგო და არალეგიტიმური.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2015 წლის 26 ოქტომბერს, უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი და აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატობის პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 5 თებერვალი. 2016 წლის 27 იანვარს, თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ (14 წევრმა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთაგან ერთი - იოსებ არჩვაძე - შეარჩია (8 ხმით 6-ის წინააღმდეგ). აკადემიური საბჭოს 8 წევრმა ხმა მისცა იოსებ არჩვაძის კანდიდატურის შერჩევას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, აკადემიური საბჭოს 6-მა წევრმა კი ამ პოსტზე მისთვის სასურველ კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილი დაასახელა. 16 თებერვალს, წარმომადგენლობითი საბჭოს - სენატის მიმართ იოსებ არჩვაძის კანდიდატურის წარდგენამდე ერთი დღის ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენაზე უარი განაცხადა იოსებ არჩვაძემ. 19 თებერვალს, აკადემიურმა საბჭომ ოქმის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც წარმომადგენლობით საბჭოს - სენატს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარედგინა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უხეშად დაარღვია კანონი და უნივერსიტეტის წესდება, რითაც დასრულებული კონკურსის ფარგლებში უპირატესობა არამართლზომიერად მიენიჭა კანცლერობის პრეტედენტს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ თსუ-ში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) შერჩევისთვის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა იმწუთიერად, როდესაც აკადემიურმა საბჭომ მოახდინა კანცლერობის პრეტედენტებიდან ერთის გამოვლენა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის დასამტკიცებლად შეთავაზება. მას შემდეგ, რაც 16 თებერვალს, შერჩეულმა კანდიდატმა იოსებ არჩვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე წარდგენაზე უარი განაცხადა, ავტომატურად დადგა კანცლერის შერჩევისთვის ახალი კონკურსის გამოცხადების საჭიროება. შესაბამისად, არც თსუ-ს რექტორს და არც აკადემიურ საბჭოს უფლება არ გააჩნდათ, რაიმე ფორმით ემსჯელათ და უპირატესობა მინიჭებინათ კანცლერობის ყოფილი კანდიდატებისთვის. აკადემიური საბჭომ 27 იანვარს იმსჯელა და შეარჩია კიდეც შესაბამისი კანდიდატი, რაც პირდაპირ გამორიცხავს იმავე კონკურსის ფარგლებში სხვა კანდიდატურის სენატისთვის შეთავაზებას და განმეორებით კენჭისყრას. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აკადემიურმა საბჭომ დაარღვია ის კონკრეტული ვადებიც, როდესაც 2016 წლის 5 თებერვლისთვის არ მოუხდენია კანცლერობის პრეტედენტის გამოვლენა და წარდგენა სენატისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით, დარღვეულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული სამართლებრივი რეგულაციები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ერთი კონკურსის საფუძველზე, აკადემიური საბჭოს სიითი უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს. შესაბამისად, უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო და არალეგიტიუმურია, რაც პირველ ქართულ უნივერსიტეტში, კანცლერის შერჩევის კონკურსთან დაკავშირებით, არაერთ გაუცემელ კითხვას ბადებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსის მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციის შეფასება და დოკუმენტი, რომელიც უახლოესს პერიოდში გამოქვეყნდება, შერჩევის პროცესის ყველა ეტაპს მოიცავს. ამჟამად, ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს თსუ-ის აკადემიური საბჭოს კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებები. ამასთან, კანცლერის შერჩევის პროცესი, 27 იანვრის მდგომარეობით, ხასიათდებოდა საუნივერსიტეტო სივრცეში აქტიური ჩართულობით და თანამონაწილეობით, თუმცა აღსანიშნავია კონკურსის ორი მონაწილის - იოსებ არჩვაძისა და გიორგი გაფრინდაშვილის მიმართ საჯარო სივრცეში, დაინტერესებული ჯგუფების მიერ შექმნილი მხილების და მკვეთრად ნეგატიური ტონი. ამასთან, ცალკე შეფასებას მოითხოვს კანცლერობის კანდიდატის, კახაბერ ჭეიშვილის მიმართ დაშვებული მოქმედებაც - შემოთავაზებულ წინაშესარჩევ პერიოდში მისი გათავისუფლება უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან, რაც ვერ ჩაითვლება წინაშესარჩევი პროცესის გამჭვირვალობისა და თავისუფლების სტანდარტად. ამასთან, არ არსებობს უნივერსიტეტის განმარტება იოსებ არჩვაძის მიერ პირადი განცხადებით სენატისთვის წარდგენის უარზე. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ სოციალურ ქსელსა და უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებში, იოსებ არჩვაძის ნაბიჯი ზემოქმედების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად შეფასდა. აღნიშნულ შეხედულებას საფუძველი მისცა 16 თებერვალს, თავად იოსებ არჩვაძის ოჯახის წარმომადგენლის - შვილის, ირაკლი არჩვაძის საჯარო სივრცეში გავრცელებულმა განცხადებამ. ირაკლი არჩვაძემ სოციალურ ქსელში დატოვა შემდეგი სახის შეტყობინება, რომ „ლადო პაპავას თხოვნით, მამაჩემმა მოხსნა თავისი კანდიდატურა თსუ-ს კანცლერობაზე“. შესაბამისად, ორგანიზაცია მოითხოვს სიცხადეს, რომელიც ამჟამად თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.