საზოგადოება სასამართლო ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უნდა გაემიჯნოს

25 თებერვალი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლების წინაშე მდგარ პრობლემებზე პოლიტიკოსებს, პარტიებსა და ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობის ნაკლებობა იგრძნობა, როდესაც მართლმსაჯულებაში მიმდინარე მოვლენები პირადი დაინტერესებით ფასდება. ცალკეული სუბიექტები, ნებსით და უნებლიეთ, სასამართლო ხელისუფლების, ცალკეული მოსამართლეებისა და სასამართლო ორგანოების დისკრედიტაციითაა დაკავებული, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოსამართლეთა კორპუსის მიმართ ნდობისა და ავტორიტეტის საკითხს. არ ხდება მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანი შეფასება. ცალკეულ ჯგუფებს არ ესმით ან მიზანმიმართულად ხდება სასამართლო სისტემაში ამჟამად მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობის დაკნინება. არ ხდება შესაბამისი ანალიზი, თუ რა ვითარებაში და მძიმე მემკვიდრეობის პირობებში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გარდაქმნის პროცესი, რა მიზანს ემსახურება წარდგენილი წინადადებები, მათ შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შემოღება, რაც საზოგადოებაში სასამართლო ავტორიტეტის შელახვის მიზანს ემსახურება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჯარო გახადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილების შინაარსი, რითაც ამ საკითხთან ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობა დასრულდება. არასწორია ცალკეული შეხედულება, რომლითაც განმარტებული იქნა, რომ იუსტიციის უმაღლესს საბჭოს, თითქოსდა არ გააჩნდა სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების უფლებამოსილება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლოს, თუმცა კანონი არ იძლევა ცალსახა მითითებას, რომელი გარემოების გამო შეიძლება მოხდეს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება. სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების საკითხი შეიძლება შეწყდეს სასამართლოს ცალკეული ორგანიზაციული უფლებამოსილების შეუსრულებლობის გამო. 2016 წლის 23 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცალკეულმა მოსამართლეებმა ღია პროტესტი გამოთქვეს სასამართლო ინსტანციაში მამუკა ახვლედიანის დროს არსებულ პრობლემებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს გადაწყვეტილების შინაარსი, რომელიც საზოგადოებას მეტ სიმართლეს მიაწვდის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის თუ მოქმედი მდივნის მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლების მიმართ მიზანმიმართულ კამპანიას ემსგავსება განცხადებები მოსამართლეთა კორპუსში ე.წ. „კლანური მართველობის“ არსებობის თაობაზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანური მართველობა“ დღევანდელი ამოცანა არ არის. მართლმსაჯულების სისტემას ასეთი წარსული მხოლოდ 2004-2012 წლების მართველობის პირობებში ახსოვს. მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 1 და 2 თებერვალს მიღებულ მიმართვებში, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსმა ცალსახად აღნიშნა, რომ სასამართლო გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ინსტიტუტი, რომელიც აღარ კონტროლდება ხელისუფლებისგან. შესაბამისად, არც მმართველი პოლიტიკური კოალიციის და არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის ინტერესებში არ ჩანს სასამართლო სისტემის ზემოქმედების გზით მართვის სურვილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი საკანონმდებლო რეგულაციით, სასამართლო ხელისუფლებამ თავად უნდა შეძლოს სისტემაში ყველა პრობლემაზე ღიად საუბარი და ორგანიზაციული განვითარება. აღნიშნულ პროცესში, დაუშვებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ინტერესების გაჩენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს პოლიტიკოსებს და ჟურნალისტურ კორპუსს, რათა დაცული იქნეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური შეფასება. მაშინ, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიეთ, სასამართლო სისტემაში არსებული მოვლენების მიმართ გამოირჩევიან არაეთიკური გამონათქვამებით, შეფასებით და ანალიზით, საზოგადოება სწორად უნდა ხედავდეს თითოეული მათგანის მოტივაციას, სურვილს და მიზანს, მათ პოზიციებს სასამართლო ხელისუფლების განვლილი 9-წლიანი პერიოდის მიმართ და დღევანდელი მსჯელობების კონტექსტს, ვინაიდან საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას მართლმსაჯულების რეფორმის შეჩერება და საკითხის მიმართ მიდგომები უნდა იყოს საერთო-ეროვნული საჭიროებების გამომხატველი.



კომენტარები