„ახალგაზრდა ადვოკატები“ იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმირების ჯგუფის სხდომას დაესწრო

24 თებერვალი, 2016

2016 წლის 24 თებერვალს, ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიწვევით, იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამსახურის რეფორმის სტრატეგია და პრიორიტეტები 2016-2020 წლებისთვის.

საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმა 2005 წლიდან დაიწყო და მისი იმპლემენტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2005-2007 წლებში განხორციელდა სამართლებრივი დახმარების ახალი მოდელის პილოტირება, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, 2007 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“. შედეგად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის  იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახური.

იურიდიული დახმარების პირველი ბიუროები 2005 წელს თბილისსა და ზესტაფონში, პილოტური პროექტის ფარგლებში გაიხსნა. 2007 წელს იურიდიული დახმარების ბიუროები ამოქმედდა მცხეთაში, თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. 2008 წელს უკვე არსებულ ოფისებს დაემატა 2 საკონსულტაციო ცენტრი ოზურგეთსა და ამბროლაურში. 

2009-2014 წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შემდგომი ზრდის მიმართულებით. კერძოდ, 6 ოფისი გაიხსნა  ეთნიკური უმცირესობებით და დევნილებით დასახლებულ, ასევე მაღალმთიან რეგიონებში (ახალციხე, ახალქალაქი, წალკა, მარნეული, მესტია, საჩხერე).

2011 წლიდან სამსახურის მანდატი მოიცავს პატიმართა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებს, ასევე იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას  ითვალისწინებს. 2014 წელს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად გაფართოვდა სამსახურის მანდატი,  კერძოდ  2015 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის განხორციელების შემთხვევებში და, ასევე, 2015 წლის 15 აპრილიდან საადვოკატო წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების გარკვეულ კატეგორიებზე.

2013 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სამსახურის სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა და ის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა, რამაც შექმნა დამატებითი გარანტიები სამსახურში დასაქმებული ადვოკატების პროფესიული დამოუკიდებლობისათვის.

იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმას 4 ძირითადი მიზანი აქვს: სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაუმჯობესება.

შეხვედრას „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი, ანა კიკნაძე დაესწრო. ორგანიზაცია იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას 2012 წლიდან იღებს.



კომენტარები