სამთავრობო კომისიას ევროსასამართლოში გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურაზე მეტი დაფიქრება მართებს

28 თებერვალი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენლი მოსამართლის შერჩევის სამთავრობო კომისიის მიმართ სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს კომისიას, პროფესიულ პასუხისმგებლობასთან ერთად, გამოვლინდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როდესაც საკითხი ეხება სტრაზბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის ერთ–ერთ მსურველ კანდიდატს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს. კომისიამ მთავრობას გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურა არ უნდა წარუდგინოს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სტრაზბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე მიუკეროებელი, დამოკიდებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე პიროვნება უნდა გახდეს, რომლის მიმართაც, საზოგადოებაში და პროფესიულ წრეებში იქნება ერთიანი მიდგომა და შეხედულება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, მოცემულ ეტაპზე, წარმოადგენს კანონთან კონფლიქტში მყოფ პიროვნებას. საქართველოს მთავრი პროკურატურის 2015 წლის 11 თებერვლის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში, გიორგი პაპუაშვილის ქმედების მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეს თაღლითობის ნიშნებით. საქმე ეხება აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის შემთხვევას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულებით, საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა და სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა, ხოლო გიორგი პაპუაშვილმა, საკუთრივ, 2010 წელს, როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხი მიისაკუთრა, რომელიც არც ჩამოსართმევი ქონების ნუსხაში იყო მოქცეული და არც 2004 წლის 14 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით არის ჩამორთმეული. 2015 წლის 22 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, დაყადაღებულია გიორგი პაპუაშვილთან არსებული როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაც. ამჟამად, როლანდ ბლადაძე წარდგენილი სარჩელით მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი ცნობილი იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად და შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი მიმართავს სამთავრობო კომისიას და გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურის მიმართ აუცილებელ გათვალისწინებებს მოითხოვს. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ვიდრე გიორგი პაპუაშვილი მოქალაქე როლანდ ბლადაძის მიმართ უკანონოდ ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობს, ვიდრე არ არის მიღებული გადაწყვეტილება გიორგი პაპუაშვილმა სადავო ქონება დაუბრუნოს სახელმწიფოს, ვიდრე არ არსებობს აჭარის ა/რ პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილის ქმედების გამო, სისხლისამართლებრივი გამოძიება დასრულებული, არავითარი ლეგიტიმური საფუძვლები არ შეიძლება მიეცეს გიორგი პაპუაშვილის სტრაზბურგში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლედ განხილვასთან დაკავშირებითაც, გვაქვს მოლოდინი, რომ სამთავრობო კომისია არ დაუშვებს საბედისწერო შეცდომას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვთქვამთ მზადყოფნას, სამთავრობო კომისიის რომელიმე წევრი, თუ სათანადოდ არ ფლობს ერთ–ერთი კანდიდატის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებსა თუ სამართლებრივ პრეტენზიებზე საჭირო ინფორმაციას, აღნიშნული მტკიცებულებები უშუალოდ გადავცეთ.



კომენტარები