არჩილ კაიკაციშვილი მედიას გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების ცალმხრივი გაშუქებების გამო მიმართავს

3 მარტი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი განცხადებას ავრცელებს და მედიას მიმართავს, იმოქმედოს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტით, როდესაც საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონების გაშუქებას ეხება.

„უკანასკნელ დღეებში, ჩემთვის ცნობილია წამყვანი მედია-საშუალებების, განსაკუთრებით სატელევიზიო სივრცეში მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მიერ მომზადებული სიუჟეტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხებზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. ქარტიის მე-3 მუხლი თანახმად, „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმოვადგენ მოქალაქე როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს, რომელიც პირველი - დასაბუთებულად სადავოდ ხდის ქონების ჩამორთმევას და მეორე - გიორგი პაპუაშვილს მიიჩნევს სადავო ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, სადავო ქონება დაყადაღებულია. საქმეს ამჟამად განიხილავს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

სამწუხაროდ, სატელევიზიო ჟურნალისტური კორპუსი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში, აღნიშნულ საკითხს ყურადღება დაუთმო, არც კი დაინტერესებულა საქმის ვითარების შესახებ. საზოგადოება როლანდ ბლადაძის საქმეზე მსჯელობას ისმენს მხოლოდ ერთ სიბრტყეში, სამთავრობო კომისიაზე გიორგი პაპუაშვილთან აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის და მიღებული პასუხის ინტერპრეტაციით. მედია ყურადღებას აქცევს გიორგი პაპუაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შორის უთანხმოების კონტექსტს. მინდა მივმართო მედია-საშუალების წარმომადგენლებს, მეტი ინტერესი გამოითქვას სადაო ქონების მიმართ. არ მოხდეს როლანდ ბლადაძის პოზიციის თუ იურიდიული ინტერესის მიჩქმალვა. აღნიშნულ თემაზე მომზადებული ყველა რეპორტაჟი, უნდა პასუხობდეს დაბალანებული ინფორმაციის სტანდარტს. საზოგადოებას თუ ვატყობინებთ სადავო ქონების არსებობაზე, უნდა დავუზუსტოთ, თუ რა ვითარებაა ამჟამად და რა პრეტენზიები არსებობს მხარის მიერ გიორგი პაპუაშვილის მიმართ. მედიამ თავად უნდა შექმნას პროფესიული სტანდარტი. ამასთან, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას. სამწუხაროდ, სადაო ქონებებზე საზოგადოების მიმართ შეფასებებს და კომენტარს აკეთებს სპეციალისტები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რაც დაუშვებელია და დამახინჯებული ფაქტების ტირაჟირების განზრახი ხელშეწყობა.

2016 წლის 2 მარტს, გასაჯაროვდა გიორგი პაპუაშვილის 2012 წლის დეკემბერში გაგზვანილი წერილი იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მიმართ, ასევე მათი პასუხები სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ. სატელევიზიო მედიამ საკითხზე მსჯელობის დროს, სამინისტროების მხრიდან წარმოდგენილი წერილების შინაარსი ისე მიაწოდა საზოგადოებას, რომ დარჩა ღია შთაბეჭდილება, თითქოსდა გიორგი პაპუაშვილის ამჟამაინდელი საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, სადავო არ ყოფილიყოს.

სინამდვილეში, 2013 წლის 17 თებერვლის წერილში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილს პასუხობს: „სისხლის სამართლის საქმეში შესასწავლია როლანდ ბლადაძის ბრალდების დასაბუთებულობა და კანონიერება და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება როლანდ ბლადაძის მიმართ არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ან თუკი როლანდ ბლადაძე უდანაშაულოდ იქნება ცნობილი, ამ შემთხვევაში შესაძლოა ეჭქვეშ დადგეს მისთვის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის კანონიერებაც“. მინისტრის წერილიდან ზუსტად 2 თვეში, 2013 წლის 12 აპრილს, აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რ. ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. შესაბამისად, დანაშაული, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძეს 2004 წელს ქონება ჩამოართვეს, დღეს არ არსებობს და არც არასდროს არსებულა. ამდენად, მართებულად დაისმის საკითხი სახელმწიფოს კეთილსინდისიერებისა და მისი ამჟამინდელი მესაკუთრის, გიორგი პაპუაშვილის, როგორც ქონების კეთილსინდისიერი შემძენის შესახებ.

სამწუხაროდ, მედია თემის ამ გაგრძელებაზე მიზნმიმართულად სდუმს. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის მიმართ ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წერილს, სააგენტოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მას სადავო ქონების შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება. სააგენტოს აღნიშნული განცხადება მომზადებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პრინციპების მნიშვნელოვანი დარღვევით, რადგანაც წერილის მომზადების დროს, სააგენტოს არ მოუხდენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლა. წერილი მომზადდა ზედაპირულად. როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი პაპუაშვილს ასეთი შინაარსის წერილს წერდა, უნდა სცოდნოდა, რომ როლანდ ბლადაძის სარჩელს განიხილავდა საქართველოს უზენაესი სასამართლო და დავის მხარეები სწორედაც ეკონომიკის სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად გიორგი პაპუაშვილი იყვნენ.

შესაბამისად, ჩვენ შეიარაღებულები ვართ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით და არ გვსურს, მედიამ ზედაპირულად იმსჯელოს საკითხზე, რომელსაც როლანდ ბლადაძის ოჯახისთვის სასიცოცხლო ინტერესი გააჩნია. ეს არის ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა, რომელმაც როლანდ ბლადაძის 12-წლიანი ემიგრაცია უნდა დაასრულოს. უმჯობესია, გიორგი პაპუაშვილმა განმარტებები მის მიმართ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე გააკეთოს, სადაც როლანდ ბლადაძის ავტოფარეხის კანონსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების აფქტს ეხება და დროა, მედია ამ თემაზეც სამართლიანი იყოს.

2015 წლის 2 მარტს, „პირველ პრესკლუბში“ მომზადებულ ბრიფინგზე უშუალოდ გავასაჯაროვე გიორგი პაპუაშვილისა და სამინისტროებს შორის მიმოწერის დოკუმენტი, მაგრამ მედიამ არც კი გააშუქა აღნიშნული პრესკონფერენცია და ფაქტი. გთხოვთ, პატივი სცეთ მხარის კანონიერ ინტერესებს და საკითხის მიმართ მომზადებულ სამომავლო სიუჟეტებში დაიცვათ ბალანსი, დასმულ საკითხზე წარმოდგენილ იქნეს საქმესთან დაკავშირებული იურისტების პოზიცია, რადგანაც სასამართლო დავა არ არის ანალიტიკური ან პოლიტიკური განხილვის საგანი და სამართლიანობის აღდგენას ელოდება 12-წლიანი ემიგრაციაში მყოფი როლანდ ბლადაძის ოჯახი“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.



კომენტარები