„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2012 წლის საქმიანობა შეაჯამეს

28 დეკემბერი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგარზდა ადვოკატების“ წარმომადგენლებმა 2012 წლის საქმიანობა შეაფასეს და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის ცალკეული მასობრივი–საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2012 წლის ქართული უფლებადაცვითი სფერო ორი ზღვარგამყოფი მაჩვენებლით ხასიათდება – სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება და სამართლიანობის აღდგენის ისტორიული პროცესის დაწყება. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წლის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს ასეთი მძიმე უფლებადაცვითი პერიოდი არ ჰქონია, რაც გამოიხატებოდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების უხეში შელახვით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქართული უფლებადაცვითი სფერო არანაკლებ სერიოზული გამოწვევების წინაშე 2013 წელსაც დადგება, თუმცა ამ პროცესში, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას, მხოლოდ მეტი მონიტორინგისა და კონტროლის აუცილებლობა დგას. ორგანიზაციის წევრებმა ისაუბრეს სამართლიანობის აღდგენის პროცესში მაღალი პოლიტიკური ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტებზეც და აღნიშნეს, რომ საზოგადოების ინტერესისთვის, საჭიროა თითოეული შემთხვევა მტკიცებულებებით იყოს გაჯერებული.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2013 წლიდან ორგანიზაცია აქტიურ საქმიანობას გეგმავს. სტრატეგიული საქმისწარმოების ფარგლებში, იგეგმება შემუშავებული საპროექტო წინადადებების პროგრამულად დაწყება. ორგანიზაციის წარმოამდგენლებმა ამ მიმართულებით თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების საკითხი, დამოუკიდებელი მართლმსჯაულების ხელშეწყობა და არჩევნების მონიტორინგის განხორციელება დაასახელეს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2012 წლის საინფორმაციო მხარდაჭერისთვის სხვადასხვა მედია–საშუალებების წარმომადგენლები დააჯილდოვეს. სპეციალური სიგელი გადაეცათ ტელეკომპანიებს: „მაესტროს“ და „მეცხრე არხს,“ ახალი ამბების სააგენტოებს და ელექტრონულ გამოცემებს: „ინფო 9“, For.ge-ს, „მედიანიუსს,“ „ინტერპრესნიუსს,“ „ნიუსპრესს,“ „News.ge”-ს, „ჯეონიუსს,“ „ივერონსს“, ინტერნეტ გამოცემებს: „გურიანიუსს“ და „აჭარა P.s”, ასევე „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციას.“ გამარჯვებული საინფორმაციო საშუალებები ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ხუთზე მეტი ინფორმაციის გამოქვეყნების პრინციპით შეირჩა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სპეციალური სიგელი გადასცეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ასოციაციის სასწავლო ცენტრს. მათ სიგელი 2012 წელს საუკეთესო თანამშრომლობისათვის გადაეცათ.

 



კომენტარები