„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის საგრანტო კონკურსის პირობებს გაეცნო

7 მარტი, 2016

2016 წლის 7 მარტს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, ემიგრაციიდან  დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსის გამოცხადების პროცესს დაესწრო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად,  600 000 ლარი გამოიყო, რომელსაც  სამინისტრო 6 საგრანტო მიმართულებით გასცემს. შეხვედრა საკონსკურსო პირობების ირგვლივ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ცნობისთვის: პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაიცა. საგრანტო კომისიამ დადებითად შეაფასა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიგრანტთა იურიდიული დახმარების შესახებ წარდგენილი საპროექტო განაცხადი და პროექტი 20.000 ათასი ლარით დაფინანსდა. ორგანიზაციამ 8 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სამშობლოში დაბრუნებული 7 მიგრანტის იურიდიული წარმომადგენლობა შეძლო, ხოლო 12 მიგრანტს გაეწია სამართლებრივი კონსულტაცია.

2016 წლის 18 იანვარს, „ახალგარზდა ადვოკატები“ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის წარმატებულად განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სპეციალური სერტიფიკატითაც დააჯილდოვა.



კომენტარები