„ახალგაზრდა ადვოკატები“ გიორგი პაპუაშვილის ე.წ. „მაკომპრომიტირებელ“ შემთხვევაზე საუბრობს

8 მარტი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური ხასიათის განცხადებები და საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური დაპირისპირება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რაც პირდაპირ ლახავს და არღვევს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის მნიშვნელოვან დებულებებს, რომელიც სასამართლოს ნეიტრალიტეტს, მიუკერძოებლობას და მხოლოდ კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხებს ეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მივმართავთ, ყურადღებით დააკვირდეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებების დინამიკას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გიორგი პაპუაშვილს მოკავშირედ გამოყავს ცალკეული მედია-საშუალებები და ცდილობს პოპულისტური განცხადებებით გადაფაროს მის მიმართ არსებული სამართლებრივი პრეტენზიები, რაც დაკავშირებულია ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრების ფაქტზე და მოსამართლის მორალურ ვალდებულებებზე. მაშინ, როდესაც სადავო ქონება დაყადაღებულია, საქმე მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში, გიორგი პაპუაშვილის მიერ 2010 წელს, როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხის მიტაცების კიდევ ერთ ფაქტზე აჭარის ა/რ პროკურატურაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საზოგადოება წლების მანძილზე, ჩვენი ორგანიზაციის ჩართულობისა და წარმომადგენლობის შედეგად, ღიად მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანონთან კონფლიქტის არსებობის ფაქტზე, გიორგი პაპუაშვილი ცდილობს ვითარება ხელისუფლების დევნას დაუკავშიროს. შესბამისად, 2016 წლის 5 მარტს, სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ თითქოსდა მინისტრი თეა წულუკიანი დაჟინებით მოითხოვდა მის მიმართ არსებული უღირსი ფოტო და ვიდეო-მასალის გამოქვეყნებას. 7 მარტს, გიორგი პაპუაშვილმა, ასევე სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ე.წ. უღირსი ფოტო და ვიდეო-მასალა არ ეხებოდა ინტიმური ცხოვრების სფეროს და გაკეთებულ განცახდებაში გულისხმობდა მოსამართლისთვის შეუფერებელ ქცევას, როდესაც შეზარხოშებულ მდგომარეობაში, გამოთქვამდა სხვადასხვა არაეთიკურ შეხეუდლებას. გიორგი პაპუაშვილმა მისი ასეთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ღია ეთერში, დაადასტურა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებამ და მედიამ თავად გააკეთოს დასკვნები, თუ რას ემსახურებოდა 5 მარტის და 7 მარტის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები, წარმოადგენდა თუ არა გიორგი პაპუაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გავრცელებული ინფორმაცია მინისტრის, მთავრობის და ხელისუფლების დისკრედიტაციის სურვილს, გიორგი პაპუაშვილი ახდენდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ დაპირისპირებას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ მოსამართლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა არ შეიძლება არავითარი გასაკიცხი ქმედება არ იყოს, მაგრამ თუკი მოსამართლის სტატუსში სიმთვრალე დაკავშირებულია პოლიტიკური თუ სამოქალაქო პოზიციის შეუფერებელი ფორმით/ქცევით გამოხატვასთან, ასეთი დემონსტრირება ხდება საჯარო სივრცეში, მოცემულ შემთხვევაში, ქმედება შეიძლება შეფასდეს უღირსს საქციელად, რომლის თაობაზეც, ასევე მოცემულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის თანახმად.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოების წინაშე თავად გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა იმ სავარაუდო შემთხვევის თაობაზე, რომლის შინაარსიც მის მიერვე გასაკიც ქმედებად იქნა შეფასებული, მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, დაიწყოს მოქმედებები - არსებობს თუ არა გიორგი პაპუაშვილის მიერ დასახელებული შემთხვევის ვიდეო თუ ფოტო მასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იკვეთება თუ არა რომელიმე უფლებამოსილების მქონე პირის დაინტერესება, მასალა გამოქვეყნდეს და შეილახოს სასამართლოს თავმჯდომარის პატივი და ღირსება.

ორგანიზაციას გადაჭრით არ შეუძლია დაასაბუთოს ან იმსჯელოს ფაქტის ნამდვილობაზე, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ სავარაუდო შეუფერებელი ქცევის თაობაზე, რომელიც პრესაში, 2013 წელს დაიწერა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განმარტებები მოვთხოვოთ გიორგი პაპუაშვილს, გულისხმობდა თუ არა დასახელებულ უღირსს ქმედებაში იმ ინციდენტს, რომელიც გავრცელებულ ცნობებში, ქართული პოლიციის შეურაცხყოფას ეხება. კერძოდ, როგორც ორგანიზაცია, დაინტერესებულნი ვართ, გიორგი პაპუაშვილმა პასუხი გასცეს შემდეგ გარემოებებს: ეხება თუ არა უღირსი საქციელი 2012 წლის სექტემბერში გიორგი პაპუაშვილსა და პოლიციის ეკიპაჟს შორის მომხდარ ფაქტს. „სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც არაფხიხელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის 10-ზე მეტ თანამშრომელს - ისინი „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპატიაში დაადანაშაულა და უშვერი სიტყვებით აგინა“. ჩვენ გვაინტერესებს, მოხდა თუ არა ეს შემთხვევა თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბესიკის ქუჩაზე. გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ საპატრულო პოლიცია კონფლიქტში არ აღმოჩნდა სასამართლოს თავმჯდომარესთან, ფაქტის თაობაზე მყისიერად იქნა ინფორმაცია მიწოდებული საპატრულო პოლიციის იმჟამინდელი ხელმძღვანელ გიორგი გრიგალაშვილის მიმართ, ხოლო პოლიციელების მოთმინება სამსახურმა თითოეული მათგანის მიმართ, მომდევნო დღეებში, 300-ლარიანი პრემიის გაცემით გამოხატა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასწრაფოდ მოვითხოვთ, გამოძიებულ იქნეს აღნიშნული ფაქტის არსებობა. ამასთან, გიორგი პაპუაშვილმა განმარტოს, მის მიერვე დასახელებული ე.წ. უღირსი ვიდეო და ფოტო, გულისხმობს თუ არა ზემოაღნიშნულ შემთხვევას, საზოგადოებას და მედიას მივმართავთ, რომ სწორად შეფასდეს, სად იკვეთება მოცემულ შემთხვევაში, მინისტრის, მთავრობის ან ხელისუფლების ინტერესები, ასევე ფაქტის ნამდვილობის შემთხვევაში, ასეთი ვიდეო და ფოტო მასალის შექმნა, ინიცდენტის ადგილას, ბუნებრივი სამსახურეობრივი მოვალეობა იქნებოდა, ვინაიდან საქმე ეხება გიორგი პაპუაშვილის პოლიციასთან სავარაუდო დაპირისპირებას, რომლის შესაძლო გამოქვეყნება, ცხადია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ გაკიცხვას უნდა ნიშნავდეს სასამართლოს თავმჯდომარისთვის. 



კომენტარები