„ახალგაზრდა ადვოკატები“ ღია წერილით ვახტანგ გომელაურს, ირაკლი შოთაძეს და გიორგი მღებრიშვილს მიმართავს

9 მარტი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ღია წერილით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს, საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მიმართეს. აღნიშნულის შესახებ 9 მარტს გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც მოითხოვს პატივისცემას და გათვალისწინებას, დასახელებულ უწყებებს მოუწოდებს გამოხმაურება მომზადდეს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

  1. არსებობდა თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კონტაქტი სადავო ქონების ირგვლივ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის შეჩერების მოთხოვნით და როლანდ ბლადაძის შესახებ წარსულ თანამდებობრივ საქმიანობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით?
  2. დაიწყოს და მოხდეს სამსახურეობრივი მოკვლევა, გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 5 მარტის სატელევიზიო განცხადებების წყარო და საფუძველი, ხომ არ გახდა დასახელებული უწყების რომელიმე თანამშრომელის ფარული, განრახი თუ უცოდინრობითი თანამშრომლობა გიორგი პაპუაშვილთან, ვინაიდან განცხადებაში აღინიშნა ტერმინი: „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლის“ სახით.
  3. უწყებების მოკვლევის, პოზიციის და გამოხმაურების შესახებ ორგანიზაციას ეცნობოს ოფიციალური წესით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 5 მარტის სატელევიზიო ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადება დასმულ საკითხებზე, „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლის“ შემოტანა ამ მსჯელობაში, ტოვებს ღია და აშკარა შთაბეჭდილებას, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს, მისი ინტერესის მქონე სპეციფიკურ საკითხებზე, მაღალი გონივრული ვარაუდით, კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ან/და ბ) საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ან/და გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მასთან სადავო ქონებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გააჩნდა ხელისუფლების „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან“. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კომუნიკაციის მიზანს წარმოადგენდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ ხელისუფლების ზემოქმედება, ორგანიზაციას ხელი აეღო საჯარო აქტიურობებისთვის, რომელსაც პერმანენტულად, მოდავე როლანდ ბლადაძის ინტერესების შესაბამისად, ბათუმსა თუ თბილისში ვმართავდით. გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლის“ მხრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ როლანდ ბლადაძის საქმეზე ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის, როგორც ადვოკატის აქტიურობები წარმოადგენდა კერძო ინიციატივას. გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან“ კონტაქტის შედეგად, თითქოსდა თვეების განმავლობაში, შეჩერდა ორგანიზაციის აქტიურობა, ხოლო გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანიდან მეორე დღეს, ორგანიზაციამ კვლავ განაახლა საჯარო სივრცეში მისი კრიტიკა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში ცალკე ყურადღებას იმსახურებს ბატონი როლანდ ბლადაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისი ე.წ. „მორალური სახის“ და წარსული საქმიანობის თაობაზე.

გიორგი პაპუაშვილი საქვეყნოდ აცხადებს, რომ „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლის“ მხრიდან მიიღო ინფორმაცია, თითქოსდა როლანდ ბლადაძე შეიმჩნეოდა დანაშაულებრივ ქმედებებში, როდესაც საქმიანობდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადმინისტრაციული მოხელის თანამდებობაზე, თითქოსდა მონაწილეობდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში, კორუფციულ გარიგებებში. შესაბამისად, სადავო ქონების შეძენის კანონიერების საკითხი, სწორედ აღნიშნული მიზეზების მოშველიებით, როლანდ ბლადაძის მორალის არარსებობაზე მეტყველებდა.

გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ „შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლი“ მას აიმედებდა, რომ ე.წ. სირთულეები არ ექნებოდა.

„ჩვენ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოსამართლისთვის შეუფერებელ ქმედებას მიმართავს, როდესაც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას, როლანდ ბლადაძის მიმართ, სწორედაც აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის გამამართლებელი დადგენილების შემდგომ თავს უფლებას აძლევს შელახოს მისი პატივი და ღირსება და იმავდროულად მოახდინოს „ახალგაზრდა ადვოკატების“ დისკრედიტაცია. მიუხედავად ამისა, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან 2016 წლის 5 მარტის სატელევიზიო განცხადება არ უნდა დარჩეს თქვენი უწყების მხრიდან რეაგირებისა და შეფასების გარეშე. ორგანიზაცია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია, მისი რეპუტაცია და საქმიანობა შელახულია. საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც გულისხმობს დაუყოვნებლივ პასუხებს სასამართლოს თავმჯდომარის კითხვებზე“ - ნათქვამია ორგანიზაციის წერილში, რომელიც შესაბამის უწყებებში უკვე გაიგზავნათ.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქვეყნის პირველი კონსტიტუციონალისტი და კონსტიტუციის დამცველი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის კონტროლს და შეჩერებას, რაც პირდაპირ ნიშნავს გიორგი პაპუაშვილის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯს და ცენზურის დაწესების მცდელობას. გიორგი პაპუაშვილის კრიტიკა, რომელიც საჯარო სივრცეში მის მიმართ სადავო ქონების მიმართ არსებულ პრეტენზიებს ეხებოდა, სასამართლოს თავმჯდომარის მოთხოვნით, უნდა გაჩერებულიყო. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედება ატარებს სისხლის სამარათლის დანაშაულის ნიშნებს, რაც გულისხმობს თავისუფალი პროფესიის ადამიანების საქმიანობაში ხელშეშლას და იძულებას. შესაძლებელია, ამ მიმართულებითაც, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროკურატურას მიმართონ.

ორგანიზაციას გადაჭრით არ შეუძლია დაასაბუთოს ან იმსჯელოს ფაქტის ნამდვილობაზე, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ სავარაუდო შეუფერებელი ქცევის თაობაზე, რომელიც პრესაში, 2013 წელს დაიწერა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განმარტებები მოვთხოვოთ გიორგი პაპუაშვილს, გულისხმობდა თუ არა დასახელებულ უღირსს ქმედებაში იმ ინციდენტს, რომელიც გავრცელებულ ცნობებში, ქართული პოლიციის შეურაცხყოფას ეხება. კერძოდ, როგორც ორგანიზაცია, დაინტერესებულნი ვართ, გიორგი პაპუაშვილმა პასუხი გასცეს შემდეგ გარემოებებს: ეხება თუ არა უღირსი საქციელი 2012 წლის სექტემბერში გიორგი პაპუაშვილსა და პოლიციის ეკიპაჟს შორის მომხდარ ფაქტს. „სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც არაფხიხელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის 10-ზე მეტ თანამშრომელს - ისინი „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპატიაში დაადანაშაულა და უშვერი სიტყვებით აგინა“. ჩვენ გვაინტერესებს, მოხდა თუ არა ეს შემთხვევა თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბესიკის ქუჩაზე. გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ საპატრულო პოლიცია კონფლიქტში არ აღმოჩნდა სასამართლოს თავმჯდომარესთან, ფაქტის თაობაზე მყისიერად იქნა ინფორმაცია მიწოდებული საპატრულო პოლიციის იმჟამინდელი ხელმძღვანელ გიორგი გრიგალაშვილის მიმართ, ხოლო პოლიციელების მოთმინება სამსახურმა თითოეული მათგანის მიმართ, მომდევნო დღეებში, 300-ლარიანი პრემიის გაცემით გამოხატა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასწრაფოდ მოვითხოვთ, გამოძიებულ იქნეს აღნიშნული ფაქტის არსებობა. ამასთან, გიორგი პაპუაშვილმა განმარტოს, მის მიერვე დასახელებული ე.წ. უღირსი ვიდეო და ფოტო, გულისხმობს თუ არა ზემოაღნიშნულ შემთხვევას, საზოგადოებას და მედიას მივმართავთ, რომ სწორად შეფასდეს, სად იკვეთება მოცემულ შემთხვევაში, მინისტრის, მთავრობის ან ხელისუფლების ინტერესები, ასევე ფაქტის ნამდვილობის შემთხვევაში, ასეთი ვიდეო და ფოტო მასალის შექმნა, ინიცდენტის ადგილას, ბუნებრივი სამსახურეობრივი მოვალეობა იქნებოდა, ვინაიდან საქმე ეხება გიორგი პაპუაშვილის პოლიციასთან სავარაუდო დაპირისპირებას, რომლის შესაძლო გამოქვეყნება, ცხადია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ გაკიცხვას უნდა ნიშნავდეს სასამართლოს თავმჯდომარისთვის. 



კომენტარები