„ახალგაზრდა ადვოკატები“ უჩა ნანუაშვილს გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხზე მიმართავს

5 აპრილი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართავს და საერთო სასამართლოებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების სასამართლო მონიტორინგის დაუყოვნებლივ დაწებას მოითხოვს. აღნიშნული განცხადება ომბუდსმენის ოფისში უკვე დარეგისტრირდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებში რეზონანსული საქმის განხილვის პროცესში უნდა ჩაერთოს. დღეს სასამართლო სისტემა საქმის განმხილველი მოსამართლეების სხვადასხვა გადაწყვეტილებებით მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ფეხქვეშ გათელვის ზღვარზე დგას. საჭიროა ავტორიტეტული, დამოუკიდებელი და ნეიტრალური ინსტიტუცია, რომელიც შეძლებს სასამართლოს მოქმედებების მონიტორინგს და წარმოადგენს შესაბამისს ანგარიშს. როდესაც ქართული მართლმსაჯულების სისტემაში დღეს განიხილება ყველაზე რეზონანსული საქმე, რომელიც თავად მართმსაჯულების ღირსებასა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხებს პირდაპირ ეხება, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის საკითხი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით, შექმნილი მდგომარეობა, გამაოგნებელია.

„მოგმართავთ თხოვნით, გადაარჩინოთ ქართული მართლმსაჯულება იმ სირცხვილისგან, რომელიც მოსამართლეებმა: ეკატერინე ჯინჭველაშვილმა (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია) ნინო ქადაგიძემ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა) და ტარიელ ტაბატაძემ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია) შექმნეს“ - ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის მიერ უჩა ნანუაშვილის მიმართ გაგზვანილ წერილში, სადაც ზემოაღნიშნული მოსამართლეების შეთანხმებულ მოქმედებებზეა საუბარი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის საბჭოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახდა, ხოლო ამავე საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ინსტიტუციურ კონფლიქტში აღმოჩნდა საბჭოს ახალ თავმჯდომარესთან და სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ერთობები ჩამოყალიბდა წარსული პარტიული ვალდებულებების, პიროვნული ვალდებულებებისა და პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებულ მოსამართლეთა ჯგუფების სახით, მოსამართლეები: ტარიელ ტაბატაძე, ნინო ქადაგიძე და ეკატერინე ჯინჭველაშვილი ლევან მურუსიძის გავლენის სფეროში შემავალი მოსამართლეების რიცხვში აღმოჩდნენ. ტრაიელ ტაბატაძე და ეკატერინე ჯინჭველაშვილი 2015 წლის აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკონკურსოდ დაინიშნენ, ნინო ქადაგიძე კი საქართველოს იუსტციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გავლენის მოსამართლედ მოიზარება. მეტიც, ნინო ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოს იუსტიციის მინისტრად საქმიანობის დროს, უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამინისტროში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტს. თავის დროზეც, გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონება მოქალაქე როლანდ ბლადაძის საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლოში განიხილა ლევან მურუსიძემაც, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე პირადად აღმოჩნდა დაინტერესებული, დაკმაყოფილებულიყო გიორგი პაპუაშვილის საჩივარი და სადავო ქონებზე ყადაღის უზრუნველყოფა გაუქმებულიყო. ვალერი ცერცვაძე არის პიროვნება, რომელამც 2004 წელს მონაწილეობა მიიღო როლანდ ბლადაძის ქონების წართმევის საქმეში. 2004 წლის 30 აგვისტოს, აჭარის ა/რ პროკურორის მხრიდან საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ვალერი ცერცვაძის მიმართ გაცემულ იქნა მინდობილობა, რომლითაც მან უშუალოდ მოახდინა როლანდ ბლადაძისთვის ქონების კანონსაწინააღმდეგოდ დათმობა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2015 წლის ნოემბერში, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ ორგზის უარი განაცხადა სადავო ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფის გამოყენებაზე. სადავო ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფა შესაძლებელი მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გახდა. ტარიელ ტაბატაძემ მოსარჩელე მხარის შეუტობინებლად, კანონის გვერდის ავლით, დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის ინტერესების გამომხატველი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა და სამოქალაქო საქმე განსჯადობით ადმინისტრაციულ კოლეგიას გადასცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 2016 წლის 5 თებერვალს გიორგი პაპუაშვილის საჩივარი ყადაღის გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა. გიორგი პაპუაშვილმა განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სწორედ 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, კანონის დარღვევით, საქმის ერთპიროვნულად განმხილველმა მოსამართლე ნინო ქადაგიძემ გიორგი პაპუაშვილის საჩივარი გაიზიარა და სადავო ქონებაზე ყადაღის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო სისტემაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა - ძირითადი საქმის განხილვისა და განსჯადობის გარკვევის პირობებში, სასამართლომ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო და სადავო ქონება დღეს რეალური გასხვისების წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამ საშიშროებიდან გამომდინარე, არჩილ კაიკაციშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ახალი განცხადებით მიმართა და სადავო ქონებაზე, ამჯერად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის მიმართ სადავო ქონების გასხვისების აკრძალვა მოითხოვა, თუმცა 2016 წლის 28 მარტს, მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის 2015 წლის ნოემბერის განჩინებებში არსებული მსჯელობა შემოგვთავაზა, რომლის უსაფუძვლობაც, თავის დროზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაადასტურა. 2016 წლის 28 მარტის განჩინება 2016 წლის 4 აპრილს გასაჩივრდა, ისევე, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიემართა 2016 წლის 23 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ. 



კომენტარები