„ახალგაზრდა ადვოკატები“ – თსუ-ში არჩევნები გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარდა

20 აპრილი, 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები თავისუფალ გარემოში, დემოკრატიული სტანდარტით, საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა - ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თსუ-ში არჩევნების დასრულების შემდგომ, მედიასთან შეფასებისას განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, კენჭისყრის პროცედურა უაღრესად გამჭვირვალედ ჩატარდა. უნივერსიტეტში არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა და საარჩევნო კომისიას არც ერთი საჩივარი არ დაუფიქსირებია. 1311 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 967 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა 54,3%-მა (526 ხმა) მხარი დაუჭირა დარეჯან თვალთვაძეს, ლევან გორდეზიანმა მიიღო ხმათა 24,4% (236 ხმა), ცირა ბარამიძემ 11% (107 ხმა), გიორგი ანდრიაძემ 4%(39 ხმა). 59 ბიულეტენი საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო.

არჩილ კაიკაციშვილმა თსუ-ის საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო დღის ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა, თსუ-ს კი ახალი რექტორის არჩევა მიულოცა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში რექტორის მოავლეობის შემსრულებლის არჩევას მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა. კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა. 12:00 საათის მონაცემებით, 307 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, 15:00 საათის მდგომარეობით - 710, ხოლო 18:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიღებულ ჰქონდა, სულ 967 ამომრჩეველს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდა უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც გააჩნდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, კიდევ სამი ორგანიზაცია - „საქართველოს ოს ქალთა ასოციაცია“, „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია“ და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი აკვირდებოდნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარმოადგენდა. კენჭისყრის პროცესს ორგანიზაციის იურისტი, გიოგი ჯოჯუა აკვირდებოდა, ხოლო ხმის დათვლის პროცედურას უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი დაესწრო. 



კომენტარები