ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ს.ს. „პროკრედიტ ბანკთან“ გახმაურებულ სამოქალაქო დავაზე, პრეცედენტი შექმნა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება ბანკიდან, მათ შორის რელიგიური აღმსარებლობის ნიშნით გათავისუფლებულის საქმეზე. პირველად, საქართველოს ისტორიაში, შრომითი დავების პრაქტიკასა და საბანკო სფეროდან გათავისუფლების საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ქალბატონის ბანკიდან დათხოვნის სამი საბაბიდან – ერთ–ერთი რელიგიური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება იყო. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ კლიენტის მიმართ სიტყვები: „ღმერთმა დაგლოცოს“, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ფამილარულ დამოკიდებულებად შეფასდეს და დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩილ კაიკაციშვილის საქმეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391–ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უკვე უწოდა მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნინო ბაქაქური და ბესარიონ ალავიძე, საქმეზე მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები და დადგენილად იქნა ცნობილი საქმეში სადავოდ არსებული შემდეგი გარემოებები:
პირველი – „პროკრედიტ ბანკი“ მართლზომიერად და კანონიერად არ მოქმედებდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების დროს;
მეორე – „პროკრედიტ ბანკმა“ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერების საკითხი;
მესამე – საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების შინაარსი არ ქმნიდა დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის დადგენისთვის ურყევ რწმენას. ასევე, მოწმეთა ჩვენებების გაზიარების საფუძველი არ არსებობდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ნინო ხომერიკს, ასევე გიორგი ნიკოლაშვილსა და გათავისუფლებულს შორის არსებობდა გარკვეული უთანხმოება, ხოლო მოწმეები უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი გათავისუფლების საკითხის განხილვაში;
მეოთხე – საქმეში წარმოდგენილი არ არის „პროკრედიტ ბანკის“ სხვა თანამშრომელთა მხრიდან გეგმის შესრულების შედეგებიც, რაც თვალნათლივს გახდიდა გეგმის შეუსრულებლობა რამდენად წარმოადგენდა გათავისუფლებულის ბრალეულობას და ხომ არ იყო ეს გამოწვეული, ზოგადად, „პროკრედიტ ბანკის“ ფინანსური პოლიტიკით ან სხვა გარეშე ფაქტორებით, მაგალითად, ფინანსური კრიზისით;
მეხუთე, რაც ყველაზე ცენტრალურია, საქართველოს უზენაესი სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მიმართვა: „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განაცხადა, რომ „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივარი, ამ ნაწილშიც, აღმოჩნდა დაუსაბუთებელი.
იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თავის დროზე, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის, დასაქმებულის განაცდურის ოდენობის დადგენისა და ტოლფასი თანამდებობის გარკვევის მიზეზით არ უნდა დაებრუნებია, აღნიშნული საკითხები არ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოსთვის რთულად გადასაწყვეტ საკითხებს, მიიღო გადაწყვეტილება, საქმე ხელმეორედ დაბრუნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მხოლოდ აღნიშნულ ორ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქმე დასრულებულიყო.
2016 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, საქმე საკასაციო სასამართლოდან უკვე გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საქმეს განიხილავს მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირველ ინსტანციაში საქმე აღარ დაბრუნდება. და გადაწყვეტილება დაუყოვლებლივ შევა კანონიერ ძალაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე საჯარო განცხადებას დამდეგ კვირას გააკეთებს და მიღებულ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.