„ახალგაზრდა ადვოკატები“ - სწავლების ცენტრის საბიუჯეტო ფული უნდა გაკონტროლდეს

16 მაისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას მიმართავს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებული „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ საქმიანობა მკაცრად გაკონტროლდეს, გამჭვირვალე და მიზნობრივი გახდეს გრანტის სახით გაცემული სახელმწიფო თანხები და პასუხი გაეცეს კითხვებს, ვინ ამკვიდრებს და რას ემსახურება ე.წ. „ჩაწყობილი გრანტები“ ბიუჯეტის ფულის ხარჯზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის მარიამ სვიმონიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა სწავლების ცენტრის მიერ გასულ წლებში, გრანტის სახით გაცემული ცალკეული ხელშეკრულებების ხარჯვითი ნაწილი, გაეცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სწავლების ცენტრის საგრანტო პოლიტიკის მიმართ არსებულ შეფასებებსა და მიდგომებს, რაც ერთმნიშვნელოვნად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სწავლების ცენტრის მხრიდან გრანტის სახით გაცემული თანხების ხარჯვითი ნაწილი კონტროლის სათანადო ჩარჩოს გარეშეა, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საგრანტო სინამდვილეს, კონკურსებში გამარჯვებულები, თითქმის, ერთი და იგივე სამოქალაქო ორგანიზაციებია, ხოლო 2010 წლიდან მოყოლებული, საკონკურსო კომისიის სუბიექტები უცვლელია, რაც სახელმწიფო თანხის სუბიექტური გადანაწილებისა და ე.წ. ფავორიტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას პირდაპირ განსაზრვრავს, უწყობს ხელს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომლთა დამფუძნებლებიც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ერთი და იგივე პირები არიან. ამასთან, ასეთი სამოქალაქო ორგანიზაციები, წარსულშიც და ახლაც, პირდაპირ თუ ირიბად, თანამსრომლობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც საგრანტო კომისიის სუბიექტების დამოუკიდებლობასა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელების მიუკერძოებლობის მიმართ, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმობს შესწავლილი მასალის ცალკეულ მხარეებს. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ინტერესი არ არის დავასახელოთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი აქცენტი მიმართული იქნება მხოლოდ სწავლების ცენტრის ნებადართულ ისეთ ხარჯვით ნაწილზე, რომელიც საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების მიზნებსა და ამოცანებს არ უნდა გამოხატავდეს. მაგალითად, სწავლების ცენტრსა და კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას შორის 2014 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელსეკრულების ფარგლებში, რომლის მოქმდების ვადაც იყო ერთი თვე, 2,206 ლარი გაიხარჯა კვების პროდუქტებისა და სამზარეულოს ინვენტარის შესაძენად, ხოლო 2,494 ლარი საწვავის ტალონების შესაძენად. 11 აპრილს გაფორმებული #1 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 2,395 ლარის ღირებულების უკაბელო მიკროფონი და 1,500 ლარის ღირებულების სტუდიური განათება. 11 აპრილსვე #5 გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 9,718 ლარი მიემართა ქალთა დაჯილდოვების ცერემონიალის ჩატარებისთვის. გარდა ამისა, 4,450 ლარი დაიხარჯა ელექტრო-ტექნიკის შესაძენად. 11 აპრილის #6 საგრანტო ხელშეკრულებიდან 2,126 ლარი დაიხარჯა ოფისის იჯარაზე. 2,300 ლარი სხვადასხვა პირებისთვის გადასაცემი პრიზების - მობილური ტელეფონების შესაძენად, ხოლო 5,000 ლარი დაიხარჯა 5 ცალი ფოტო/ვიდეო კამერის შესაძენად. 11 აპრილსვე გაფორმდა #11 საგრანტო ხელშეკრულებაც, რომლის ფარგლებშიც, 3,583 ლარად შეძენილ იქნა კომპიუტერი და 3,985 ლარი მიემართა საწვავის ტალონებისთვის. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, ერთ-ერთმა მუნიციპალურმა გაზეთმა პროექტით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მიიღო 30,789 ლარი.

2013 წელს, სწავლების ცენტრსა და კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას შორის, #25 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილ იქნა 5,065 ლარის საოფისე ავეჯი, სამადგილიანი სავარძელი, ერთადგილიანი სავარძელი, ყავის მაგიდა, ორი ცალი პუფი. ასევე, 120,25 ლარის ღირებულების დეკორატიული ნივთები ოფისისთვის. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, ოფისის იჯარაზე გახარჯულია 3,630 ლარი. 25 ივლისს, გაფორმებული #29 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 2,350 ლარის ღირებულების ავეჯი და 1,324 ლარის ღირებულების ციფრული კამერა Samsung Galaxy. 6 მარტს, #1 საგრანტო ხელშეკრულებით, შეძენილია 2,069 ლარის ღირებულების ფოტოაპარატი. ოფისის იჯარაზე გახარჯულია 21,951 ლარი. პრომო-ვიდეო კლიპის დამზადებაზე 6,490 ლარი. 15 მაისს გაფორმებული #17 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, პირადი მოხმარებისთვის შეძენილია 478,66 ლარის ღირებულების ჰიგიენური საგნები და პროდუქტები. ასე, მაგალითად: ტანის დეზოდორანტი, 1 ბოთლი ზეთი, 3 ცალი გაყინული ქათამი, ერთი ცალი მარგანილი. ამავე გრანტის ფარგლებში, აშშ მოქალაქისგან 1,700 ლარად შეძენილია მეორადი მოხმარების ვიდეოკამერა.

2012 წლის 1 აგვისტოს #16 ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 1,757 ლარის ღირებულების ფოტოკამერა, რომლის საჭიროებაც არ არსებობდა. 2012 წლის 1 აგვისტოს #19 ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 8,398 ლარის საწვავი, მაშინ, როდესაც გრანტის მიმღები ორგანიზაციის პროექტი დასრულებულია 31 სექტემბერს. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავდა 20 დღის განმავლობაში 3,500 ლიტრი საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას. 19 აპრილს გაფორმებული #1 ხელშეკრულების მიხედვით, შეძენილია კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკა (iphone 4s, iphone 3 GS, HTC one X). ჯამში, 22,906 ლარის ღირებულების. თუ სახელმწიფო აუდიტის დასკვნასაც გავყვებით, 2012 წელს 70 შემთხვევაში, მივლინებულ პირებზე გაცემულია, სულ 115,800 ლარი. სამივლინებო თანხები გაიცემოდა მაშინაც, როდესაც თანამშრომლებს წარმოდგენილი არ ჰქონდათ წინა მივლინებებში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პიროვნება რამდენჯერმე, მაგალითად, შვიდჯერ წავიდა მივლინებაში ისე, რომ მას დავალიანებად ერიცხებოდა 19,319 ლარი.

2012 წლის 16 მარტს სწავლების ცენტრის დირექტორის #26 ბრძანებით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი: „არასამთავრობო ორგანიზაციების  ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების სფეროში საქმიანობის ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად“. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთანაც 2012 წლის 19 აპრილს გაფორმდა 100,000 ლარის ღირებულების საგრანტო ხელშეკრულება და არასამთავრობო ორგანიზცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტი“, რომელთანაც 2012 წლის 19 აპრილს გაფორმდა 97,780 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა 2012 წელს გრანტის სახით მოპოვებული ფინანსური რესურსების ათვისების შემდეგ 2013 წელსაც კვლავ მიიღეს მონაწილეობა იგივე თემატიკის საგრანტო კონკურსში და გამარჯვების შედეგად მოპოვეს 99,996 ლარი და 99,665 ლარი. აუდიტის შეფასებით, არ მომხდარა მიღებული თანხების მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებულად ხარჯვის განგრძობითი მონიტორინგი. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის 2011 წლის ანგარიშშიც აქცენტს აკეთებს სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ორგანიზაციის - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივას“ მიერ განხორციელებულ შესყიდვაზე. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2011 წლის 3 მაისს ამ ორგანიზაციასთან გაფორმებული #4 ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია ორი კონდიციონერი, ჯამში 1,518 ლარის ღირებულების. კონდიციონერები შეძენილია 4 აგვისტოს და 30 ივლისს, როდესაც პროექტით გათვალისწინებული სემინარები დასრულებულია 31 ივლისს. შესაბამისად, დასკვნაში საუბარია, რომ არ არსებულა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ საგრანტო პროექტის მიწურულს მსგავსი ტიპის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა მიზანშეწონილი იქნებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ყურადღებას იპყრობს სწავლების ცენტრის თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მიზნით შპს „აი ქიუ ცენტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულებებიც. 2014 წლის 20 იანვარს  ცენტრთან გაფორმდა 4,500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, 2013 წელს გაფორმდა 11,500 ლარის ღირებულების ორი ხელშეკრულება, 2011 წელს - 17,490 და 7,720 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. ოფიციალური განმარტებით, აღნიშნული კომპანია წარმოადგენდა ერთადერთს, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფდა ინგლისური ენის სწავლებას მსოფლიოში აღიარებული „ავალონის“ მეთოდის საშუალებით, თუმცა ეს არგუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს დამაჯერებლად, რადგანაც შემსყიდველისთვის უცხო ენის სწავლების კონკრეტული მეთოდის უალტერნატივობის განსაზღვრა ამ შემთხვევაში, არ ემყარება  რაიმე სახის ძირეულ კვლევას ან სხვა გონივრულ ინდიკატორს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებასაც, რომ მიუხედავად კანონმებლობის მოთხოვნისა, რიგ შემთხვევაში საკონკურსო კომისიაში მონაწილეობას იღებდა სამზე ნაკლები შესაბამისი ორგანიზაციის წარმომადგენელი. საკონსკურსო კომისიაში გადაწყვეტილებები მიიღებოდა საერთაშიროსო ორგანიზაციების ან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოური ფონდის წარმომადგენლების გარეშე. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტიელბები სათანადოდ არ პასუხობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და გამჭვირვალობის კანონმდბელობით დადგენილ სტანდარტებს. 2012 წლის ივნისამდე სწავლების ცენტრის მიერ გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით არ არსებობს წერილობითი დასაბუთება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა შეხედულებები და მოსაზრებები, რომლებსაც კომისია ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების დროს. 2012 წლის ივნისიდან დაწესებული არც ის ფორმაა სრულფასოვნად შევსებული და ხელმოწერილი, რომლითაც საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციების შეფასება ხდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიზანია, ქვეყანაში შეიცვალოს საგრანტო პოლიტიკა და დონორი ორგანიზაციები არ გახდნენ მხოლოდ ერთი სამოქალაქო პლატფორმის დამფინასებელი წყარო. აღნიშნული განსაკუთრებულად საყურადღებო ხდება, როდესაც საქმე სახელმწიფო ფინანსების რაციონალურ ხარჯვას ეხება. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა სათანადო ყურადღება უნდა დაუთმონ სწავლების ცენტრის საქმიანობას და უზრუნველყოფილ იქნეს გამჭვირვალე და მიზნობრივი საგრანტო პოლიტიკა, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო საპროექტო განაცხადების განხილვის დროს, რაც სწავლების ცენტრის მოცემული ხელმძღვანელობისა და საკონსკურსო კომისიის პირობებში, შეუძლებელია.



კომენტარები