გიორგი პაპუაშვილი როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე უტყუარ ინფორმაციას ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრად საქმიანობის დროს ფლობდა

31 მაისი, 2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე დიანა ფარქოსაძის თავმჯდომარეობით, როლანდ ბლადაძის სარჩელის განხილვას იწყებს. სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მოქალაქის ჩამორთმეულ ქონებაზე უფლებების აღდგენა, რომელშიც ამჟამად ოჯახთან ერთად, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. დავის მხარეები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არიან.

სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

როლანდ ბლადაძის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს სახით, ბოროტად გამოიყენა უფლების მართლზომიერების პრინციპი და 2004-2007 წლებში უკანონოდ დაეუფლა კერძო საკუთრებას. სახელმწიფომ 2004 წელს საფუძვლიანად იცოდა, რომ როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება შეძენილი გახლდათ 1999 წელს, ნოტარიულად კი დამოწმდა 2000 წელს. სახელმწიფომ ქონების ჩამორთმევა დააფუძნა სავარაუდო დანაშულის ნიშნებს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება ისე, რომ არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა. მეტიც, სახელმწიფო როლანდ ბლადაძეს ედავებოდა თანამდებობის პერიოდში, 2001-2004 წლებში უკანონო შემოსავლებს და ამ გზით ბათუმში, მაშინდელი ერას ქუჩა #37-ში ბინის შეძენას, როდესაც უძრავი ქონება შეძენილ იქნა როლანდ ბლადაძის თანამდებობაზე დანიშვნვამდე. ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ხელყო კერძო მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები, ქონების ჩამორთმევა განხორციელდა არამართლზომიერად, დანაშაული, რომელის ჩადენასაც ედავებოდნენ როლანდ ბლადაძეს, აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით, ცალსახად არ დადასტურდა.

რაც შეეხება მოსარჩელის კიდევ ერთ სასარჩელო მოთხოვნას - გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარების საკითხს, წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გიორგი პაპუაშვილმა 2004-2007 წლებშიც, ქონების გადაცემის მომენტშიც და შემდგომ პერიოდში, იცოდა, რომ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა სადავოდ. მეტიც, გიორგი პაპუაშვილმა ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობის დროს იცოდა, რომ 2004 წლის 10 სექტემბრის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, როლანდ ბლადაძის ქონება ჩამოერთვა, სახელმწიფო ბრალდება სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს განხორციელდა, ვინაიდან „პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელზედაც ზედამხედველობის უფლება გააჩნდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს - იმჟამად გიორგი პაპუაშვილს.

თბილისის საქალაქო სასამართლო 31 მაისის სხდომაზე მხარეთა შუამდგომლობებს განიხილავს. ასევე, გამორიცხული არ არის, მხარეებმა მსჯელობა დაიწყონ დავის მორიგებით დასრულებაზე.



კომენტარები