გიორგი პაპუაშვილთან სასამართლო პროცესს სახალხო დამცველის მონიტორები დააკვირდნენ

31 მაისი, 2016

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე დაწყებულ პროცესებს დააკვირდება. 31 მაისის პირველ სხდომას უკვე დაესწრო აპარატის წარმომადგენლები. სახალხო დამცველის აპარატი მომდევნო სხდომებსაც დააკვირდება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს 2016 წლის 30 მაისს მიმართეს და სასამართლო სხდომების მონიტორინგის განხორციელება სთხოვეს.

ცნობისთვის: მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების თაობაზე გამართული პირველი სასამართლო სხდომის დარბაზი შეცვალა. სხდომა ზუსტად დათქმულ დროს, 11:00 საათზე დაიწყო, თუმცა მას შემდგომ, რაც სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი არაერთი მოქალაქე გამოთქვამდა, მოსამართლემ დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. პირველი სხდომა #33 დარბაზის ნაცვლად, #35 დარბაზში გაგრძელდა.

სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მოქალაქის ჩამორთმეულ ქონებაზე უფლების აღდგენა, რომელშიც ამჟამად ოჯახთან ერთად, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. დავის მხარეები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არიან.

სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

როლანდ ბლადაძის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლო დავაზე მორიგ სხდომას 2016 წლის 15 ივნისს, 11:00 საათზე გამართავს. 



კომენტარები