ლევან მურუსიძის შეფასებები როლანდ ბლადაძის საქმეზე მოსარჩელის მოლოდინების იდენტურია

4 ივნისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2016 წლის 3 ივნისს „გურიანიუსის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებასთან დაკავშირებით, შეფასებას აკეთებს.

კითხვაზე: „31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადო ქონებასთან დაკავშირებით საქმის განხილვა დაიწყო. 2013 წელს უზენაეს სასამართლოში თქვენ განიხილეთ მოსარჩელე ბლადაძის საჩივარი სადაო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რაც არ დააკმაყოფილეთ. პასუხისმგებლობას იღებთ ამ საქმეზე?“, ლევან მურუსიძე პასუხობს:

„მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ყოველ შემთხვევაში, ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე პაპუაშვილთან რაიმე გადაკვეთის წერტილი მქონდა, არასოდეს მქონია, მაგრამ როგორც მაგის, ასევე სხვა საქმეებზეც ვფიქრობდი და ვფიქრობ, რასაც ხელს ვაწერდი, კანონიერი იყო. საქმის დეტალები არ მახსოვს, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც გამოვიტანე, პასუხისმგებლობას ვიღებ, რა თქმა უნდა. დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – ნათქვამია ლევან მურუსიძის პასუხში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ ლევან მურუსიძემ ერთ შემთხვევაში, როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, მეორე შემთხვევაში კი – მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე, უაღრესად საკამათოა.

პირველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 9 სექტემბერს ლევან მურუსიძესთან ერთად, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის მონაწილეობით, განიხილა სასამართლოს შორის განსჯადობის საკითხი. აღნიშნულ დავაზე ლევან მურუსიძე გახლდათ მომხსენებელი და თავმჯდომარე მოსამართლე. ლევან მურუსიძემ აღნიშნული კოლეგიით საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, როდესაც როლანდ ბლადაძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაუქვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის რომელიმე მოსამართლის კრიტიკა, მოცემულ შემთხვეაში, მოცემულ დავაზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევან მურუსიძემ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

მეორე შემთხვევაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2014 წლის 25 ოქტომბერს, მიიღო გადაწყვეტილება როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე. სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება. სასამართლო პალატა შედგებოდა ლევან მურუსიძის, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით, თუმცა თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე გახლდათ მაია ვაჩაძე. აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულად საკამათოა იმდენად, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა ვერ უზრუნველყვეს სადავოდ მიჩნეული აქტების კანონიერებისა და სამართლიანობის სათანადო შეფასება. ნებისმიერ შემთხვევაში, როლანდ ბლადაძის სარჩელის ამჟამად მიმდინარე განხილვასთან და სასამართლოს წინაშე წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან, ლევან მურუსიძის მოსამართლეობით, საქართველოს უზენაესს სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებებს, პირდაპირი კავშირი არ გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც მოქალაქე როლანდ ბლადაძის უფლებადამცველი ორგანიზაცია, აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის პოზიცია ამჟამად მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, სავსებით ეთანხმება მოსარჩელის და საზოგადოების მოლოდინებს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დიანა ფარქსოსაძის მონაწილეობით საქმის განხილვის პროცესს და გაგვაცნია სრული რწმენა და მოლოდინი, რომ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მოსამართლე, საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ პროცესში, ჩვენ უკვე ვდგავართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე. უკანონო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად, სასამართლო ხელისუფლების პირველ პირებს დაეკისრებათ.



კომენტარები