„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ განხორციელებას იწყებს

6 ივნისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ გრანდიოზულ პროექტს: „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ განახორციელებს, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის IX_XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ. პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, 2016 წლის 8 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დარბაზში, 12:00 საათზე გაიმართება.

პროექტის მიზანია, ტოლერანტული ქალაქის ახალი თაობა მუდმივად გრძნობდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, როცა არსებობს თანამედროვე დროის ახალი გამოწვევები, როგორც გამოხატვის თავისუფლების, ასევე რელიგიის თავისუფლების მიმართულებით, რათა გაძლიერდეს ტრადიციებზე დაფუძნებული ურთიერთობები. პროექტის ყველა აქტიურობა მიმართულია საერთო სამოქალაქო პასუხისმგებლობის შექმნისკენ და ამ პროცესში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალგაზრდების თანამონაწილეობას. ერთი თვის მანძილზე, ქობულეთის ტრადიციულ ტოლერანტობას შეაფასებს ადგილობრივი ახალი თაობა, საჯარო სივრცეში, პროექტის გულშემატკივარი და თანამონაწილე გახდება, ფაქტობრივად ქალაქში ყველა დაინტერესებული ადამიანი, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე თობათა შორის კომუნიკაციას და საჭირო თანამშრომლობის განვითარებას.

„საქართველოში თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნა ტრადიციების ერთობლიობით და სამართლებრივი პრინციპების დაცვითაა შესაძლებელი. ტოლერანტობა არ არის მხოლოდ სხვისი უფლების პატივისცემა. ტოლერანტობა არის პასუხისმგებლობა. ამ პროცესში მთავარია თაობათა შორის დიალოგი და სწორი სოციალური გარემოს ჩამოყალიბება სამოქალაქო ცნობიერების გაზრდით. საზოგადოებაში მყარი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია და სივრცე დისკუსიისთვის“ - ნათქვამია პროექტის შესავალში. 

პროექტის პრეენტაციაზე მოხდება მისი მიზნებისა და ამოცანების გაცნობა. გამოცხადდება ანალიტიკური თემების სერთიფიცირებული კონკურსი. სპეციალური კომისია გამოავლენს გამარჯვებული და წარმატებული თემის ავტორებს, ხოლო ივნისის თვის ბოლოს, მოხდება პროექტის მონაწილეთა დაჯილდოვება. I, II და III ადგილზე გამარჯვებულ პირებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. საჯარო სკოლებს პროექტის პრეზენტაციაზე დასწრების მიზნით, უკვე მიმართა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობამ. პროექტის წინადადებაა, ქობულეთში გაიხსნას ტოლერანტობის ქუჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობითი განცხადებით უკვე მიემართა. 

პროექტი საზეიმოდ ქობულეთში 25 ივნისს დაიხურება. 



კომენტარები