„ახალგაზრდა ადვოკატები“ – სასამართლო გიორგი პაპუაშვილის საქმეზე ხვალ სხდომას განაახლებს

14 ივნისი, 2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ხვალ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე სასამართლო განხილვას განაახლებს. სხდომა 11:00 საათზე განახლდება.

სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

2016 წლის 31 მაისს, წინა სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციის გაცნობის შემდგომ მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე პროცესი, შესაძლებელია, დავის მონაწილე მხარეების საერთო მორიგების საფუძველზე დასრულდეს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო საკითხის მორიგებით დასრულებას მიესალმება და მართლმსაჯულება დაინტერესებულია, პროცესს ხელი შეუწყოს. ამასთან, დიანა ფარქოსაძემ განაცახდა, რომ სასამართლო საქმის კურსში უნდა იმყოფებოდეს მხარეთა შორის შესაძლო მორიგების თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გონივრული ვადა ეძლევა, ვინაიდან სასამართლო დარწმუნდეს მოლაპარაკების ნამდვილობაში.

მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მორიგების თაობაზე მხარეთა საერთო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ინტერესების დაცვისთვის, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებრივი იმიჯის აღდგენისთვის, ყველაზე მისაღები ფორმა იქნება. არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ მოსარჩელე ხელს შეუწყობს საკითხზე მოლაპარაკებების პროცესს. ამ მიმართულებით, არჩილ კაიკაციშვილმა პროცესის ნამდვილობა დაადასტურა, თუმცა მორიგების კონკრეტული წინადადებების დასახელებისგან თავი შეიკავა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ვიდრე მორიგების საკითხი დგას, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საჯარო გახადოს როლანდ ბლადაძის პირობები. არჩილ კაიკაციშვილმა დავის საგანზე სახელმწიფოს დღევანდელ პოზიციას სახელმწიფოებრივი მიდგომა უწოდა.

როლანდ ბლადაძის ადვოკატმა სასამართლოსგან საქმის განხილვის ნდობაზე სამი ფუნდამეტური პრინციპის დაცვა მოითხოვა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ მართლმსაჯულების ისტორიაში ამ რეზონანსული საქმის განხილვის პროცესში, განუხრელად უნდა დაიცვას შემდეგი სამი ფუნდამეტური საკითხი:

  1. სასამართლომ გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მხოლოდ კანონს და მხოლოდ მტკიცებულებებს;
  2. სასამართლო არ იქნება ტოლერანტული გიორგი პაპუაშვილის მიმართ
  3. მხარეები ერთად შეეცდებიან საკონსტიტუციო და არამხოლოდ საკონსტიტუციო საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ღირსების აღდგენა;

არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვისთვის არც ერთი მოსამართლის არც ერთ უკანონო გადაწყვეტილებას არ დატოვებს რეაგირების გარეშე. არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეს კითხვით მიმართა: „ვინ ვართ დღეს ჩვენ?“. „ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ მოქალაქე, ჩვენ ვართ სასამართლო, ჩვენ ვართ სამართალი“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.



კომენტარები