ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, სასამართლოს შეურაცხყოფაა

17 ივნისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაინტერესებული პოლიტიკოსების მხრიდან ვანო მერაბიშვილის საჩივარზე, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას საქართველოს საზიანოდ მიმართულ მოქმედებებად აფასებს, რა დროსაც ილახება, ერთის მხრივ მიზანიმართულად ხდება საზოგადოებაში სტრაზბურგის სასამართლოს იმიჯის შელახვა, მეორე მხრივ ხდება ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის საწინაარმდეგოდ წარმოჩენა შერჩევით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ ყოფილა ქვეყნის ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის - ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობის თუ ბრალეულობის თაობაზე. ევროსასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. ამასთან, სასამართლომ არც წინასწარი პატიმრობის გახანგძლივების პერიოდი მიიჩნია უკანონოდ. გადაწყვეტილების არც ერთ მონაკვეთში საუბარი არ შეხებია საკითხს, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. შესაბამისად, ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გავრცელებული შეხედულებები, რომელიც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ფიქრობს, რომ საჭიროა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ არსებობდეს სათანადო პატივისცემა და გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, დაუშვებელია.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო გარემოებები, სადაც მომჩივანის უფლებების დარღვევა სცნო, მოცემულ ეტაპზე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შესაბამისი პირების მხრიდან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს მხრიდან ვანო მერაბიშვილის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების მოთხოვნაზე უარი პროცესუალურ-სამართლებრივი მსჯელობის ნაწილია, მისი საკნიდან სავარაუდო გაყვანის ინციდენტი კი სახელმწიფოს მხრიდან მეტ არგუმენტებს მოითხოვს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილის გასაჩივრებას, რაც საბოლოოდ დაგვანახებს, რამდენად დაიცვა აღმასრულებელმა და სასამართლო ხელისუფლებამ პატიმრის უფლება. მისივე თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს ვანო მერაბიშვილის ვადზე ადრე გათავისუფლებასთან ან დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიდგომა ცალსახა აღმოჩნდა - პირის პოლიტიკური თანამდებობა არ არის იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივი პროცესის პასუხისმგებლობისგან ან დაკავებისაგან თავშეკავების შესახებ.



კომენტარები