მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობასა და ხარჯვით ნაწილზე მონიტორინგის შედეგები

11 ივლისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის და ხარჯვითი ნაწილის შესახეხ მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ სვიმონიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის მაისის მდგომარეობით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების სტატისტიკური მონაცემები, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების ფაქტები, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და არანაკლებ 30000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია. მათ შორის საკანონმდებლო წინადადების წარმდგენი პარლამენტის წევრთა, საპარლამენტო ფრაქცებისა და პარლამენტის კომიტეტების თაობაზე ინფორმაცია. მონიტორინგში ცალკე ყურადღება დაიკავა  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ უცხოურ მივლინებებში, განთავსებასა და კვებაში გაღებულმა ხარჯმა და პარლამენტის მაჟორიტარული ოფისების შენახვისთვის დახარჯული თანხების მიზნობრიობის საკითხმა.

ორგანიზაციის მხრიდან შესწავლილი მასალის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის მაისის მდგომარეობით, სულ მიიღო 1427 კანონი. აქედან 2012 წელს – 33, 2013 წელს – 469, 2014 წელს – 327, 2015 წელს – 491, 2016 წლის მაისის თვის მდგომარეობით კი – 125. მიღებულ კანონთა იერარქიით, 2012–2016 წლების საკვლევ პერიოდში, პარლამენტმა სულ მიიღო 1336 „საქართველოს კანონი“, 107 „ორგანული კანონი“ და 2 „კონსტიტუციური კანონი“.

ორგანიზაციამ შეისწავლა, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე რომელი წრე გამოირჩეოდა აქტიურიობით მერვე მოწვევის პარლამენტში. მონიტორინგის მასალების მიხედვით, 2012–2016 წლებში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში ინიცირება გაუკეთა, სულ 1307 საკანონმდებლო ინიციატივას, პარლამენტის კომიტეტებმა – 200 საკანონმდებლო ინიციატივას, პარლამენტის ფრაქციებმა – 84 საკანონმდებლო წინადადებას. რაც შეეხება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს, 2012–2016 წლებში შეადგინა – 18, ხოლო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მხრიდან წარდგენილმა კანონპოექტებმა – 4. მხოლოდ 2013 წელს, პარლამენტში არანაკლებ 30000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებული კანონპროექტის სახით რეგისტრირებულ იქნა მხოლოდ 1 საკანონმდებლო ინიციატივა. ცნობისთვის: აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეხებოდა „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ ცვლილებებს.

ორგანიზაციამ შეისწავლა მონაცემებიც, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობას ეხება. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის ყველაზე მეტჯერ წარმდგენ დეპუტატებად შეიძლება დასახელდნენ: ირაკლი სესიაშვილი, გია ვოლსკი, ვახტანგ ხმალაძე, დავით ონოფრიშვილი, ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად ძიძიგური, გია ჟორჟოლიანი, თინათინ ხიდაშელი, ზურაბ ტყემალაძე, ნოდარ ებანოიძე, ზურაბ ჯაფარიძე, მიხეილ მაჭავარიანი, სერგო რატიანი, გია ცაგარეიშვილი, ანი მიროტაძე, ელისო ჩაფიძე, მანანა კობახიძე, ირინა იმერლიშვილი და გიორგი კახიანი. 

ორგანიზაციამ შეისწავლა პრეზიდენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის საკითხიც. შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა 2012–2016 წლებში, ვეტო გამოიყენა, სულ 39 კანონის მიმართ. ჩავრადა – 1 კანონპროექტი, პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით მიიღო – 3, ხოლო პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა 35 კანონპროექტის მიმართ. აქედან პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა 2004–2013 წლებში, ვეტო გამოიყენა სულ 20 კანონპროექტის მიმართ, ხოლო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის მაისის მდგომარეობით, 19 კანონპროექტის მიმართ.

ორგანიზაციამ შეისწავლა მაჯორიტარი პარლამენტის ბიუროს ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯიც. მიღებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან მაჟორიტარი ბიუროს ფუნქციონირებისთვის ყოველთვიურად გამოყოფილია 5000 ლარი, რომელიც მიმართულია ბიუროს თანამსრომლების შრომითი ანაზღაურებისა და საოფისე ქირის უზრუნველსაყოფად. მაჟორიტარი ბიუროს ფუნქციონირებისთვის, 2012–16 წლებში, პარლამენტის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯი ასე გამოიყურება: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1 800.00 ლარი, 2013 წელს – 2 005 671, 98 ლარი, 2014 წელს – 1 487 262, 24 ლარი, 2015 წელს – 1 213 516,98 ლარი, ხოლო 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით – 467 326,44 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სრულად შეისწავლეს მერვე მოწვევის პარლამენტის სამივლინებო ხარჯები, რაც მოიცავს სასტუმროს და დღიური ანაზღაურების ხარჯებს. პარლამენტმა 2012 წელს მივლინებისთვის სულ დახარჯა  50182,64 ლარი, 2013 წელს – 437,197,03 ლარი, 2014 წელს – 559,409,10 ლარი, 2015 წელს – 614,328.02 ლარი, ხოლო 2016 წლის მაისის თვის მდგომარეობით 268433,5 ლარი.



კომენტარები