დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე საქმის განხილვას დაასრულებს. საქმეზე გადაწყვეტილება, შესაძლებელია, დღესვე გახდეს ცნობილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ გიორგი პაპუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო ტოტალური ზეწოლის ქვეშაა. როგორც საზოგადოების მიმართ 27 ივლისს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ, არჩილ კაიკაციშვილის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი პაპუაშვილი ბოლო ხმაურიანი განცხადებებით, ცდილობს სადავო ქონების საკითხზე მიმდინარე დავა ხელისუფლებიდან მომდინარე პროცესად წარმოაჩინოს, საზოგადოდ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ შექმანს ალიბი, რომ ვინმე დევნის, ავიწროვებს და ამის მაგალითად, სასამართლოში ქონების დაბრუნებაზე არსებული დავა სახელდება. „ჩვენ არ ვიცი, რაზე საუბრობს ბატონი პაპუაშვილი პრეზიდენტთან, პრემიერთან, რაზე ისაუბრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მთავარ პროკურორთან, მაგრამ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიორგი პაპუაშვილი ცდილობს ხელისუფლების სახით სასამართლოს იძულებას შეინარჩუნოს წართმეული ქონება“ - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ 27 ივლისს მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო. მოსამართლემ დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების მოთხოვნაზე. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება მივლინების კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა, კანონიერი საფუძვლების მიუხედავად, შემდგომში სხდომის გაჭიანურების მიზეზად შეაფასა. სასამართლომ სხდიმა მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპიდან განაახლა, თუმცა არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ კლიენტის ინტერესების დაცვას ვერ შეძლებდა, ვინაიდან საქმის მასალები თან არ გააჩნდა. მოსარჩელე მხარემ სხდომის გადადებაზე უარს სასამართლოს მხრიდან მხარის საფროცესო უფლებების შეზღუდვა უწოდა და პროცესის მონაწილე მხარეების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ არჩილ კაიკაციშვილთან სიტყვიერ კამათში აღნიშნა, რომ „დარწმუნებული იყო, არჩილ კაიკაციშვლი პროცესის ყველა ეტაპს თავს ზეპირადაც გაართმევდა“, რა დროსაც არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს ზომიერების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეზე ძალადობდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მოსამართლეს სხდომაზე 1 საათიანი შესვენება გამოეცხადებინა, რათა მოსარჩელეს საშუალება მისცემოდა საქმის მასალები პროცესზე წარმოედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის განახლების შემდგომ სასამართლომ საქმეზე მხარეთა პოზიციები მოისმინა, მათ შორის ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სვიმონ ფირცხალაიშვილმა და გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმა, გოჩა გოგიშვილმა. როგორც პროცესზე სახელმწიფოს წარმომადგენელმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების შემდგომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვალდებული იყო, ქონების სადავოობის მიუხედავად, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ბინა გიორგი პაპუაშვილისთვის გადაეცა. სვიმონ ფირცხალაიშვილმა განაცხადა, რომ ქონების გადაცემისთვის გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი კანონიერია. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენელმა ცალსახად აღნიშნა, რომ 2013 წლის 12 აპრილის პროკურატურის დადგენილების შემდგომ, როლანდ ბლადაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც სახელმწიფოს აღარ აძლევს შესაძლებლობას არ აღიაროს ქონების ჩამორთმევისა და ქონებრივ უფლებებში აღდგენის საკითხი. არჩილ კაიკაციშვილმა დავასთან მიმართებით სამინისტროს წარმომადგენლის ცალკეულ გამონათქვამებსა და მოსაზრებებს გამაოგნებელი უწოდა და აღნიშნა, რომ წარსული სისტემური დანაშაულებების გამართლების მცდელობა დღეს იქნებოდა საზოგადოების შეურაცხყოფა და 2012 წლის შემდგომი სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებული პრინციპების ღალატი. სვიმონ ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, რომ იძულებულია დავის გარშემო სამინისტროს ამგვარი პოზიციები წარმოადგინოს, რასაც მოსარჩელემ სამარცხვინო უწოდა. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის ადვოკატის, გოჩა გოგიშვილის მოსაზრებებს, მან დაადასტურა, რომ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემული ქონება, რეალურად, გაცილებით მეტი ღირებულების ნივთი გახდა. გოჩა გოგიშვილმა საქმესთან დაკავშირებით დასმულ ცალკეულ მნიშვნელოვან კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „ინფორმაციას არ ფლობს“, „არ იცის“, „წარმოდგენა არ აქვს“, ხოლო საკითხზე, თუ როდის შეიტყო გიორგი პაპუაშვილმა სადავო ქონების თაობაზე, აღნიშნა, რომ მხოლოდ მიმდინარე აღნიშნული დავის ფარგლებში, სარჩელის აღძვრის დროს, რასაც სხდომათა დარბაზში პოლემიკა მოჰყვა და არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს შეახსენა, რომ 2004-2005 წლებში, გიორგი პაპუაშვილს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა, სადავო ქონება კი საჯარო რეესტრში სწორედ მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ აისახა, ხოლო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის 2007 წლის 18 ივნისის წერილში, გამოთქმულია მსჯელობა, რომ სადავო ქონება სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარეს უნდა გადასცემოდა.
როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა 27 ივლისის სხდომაზე მოსამართლე დიანა ფარქოსაძის აცილების საკითხიც დააყენა და აღნიშნა, რომ მოსამართლე დიანა ფარქოსაძე ვერ უძლებს საქმეზე შექმნილ მაღალ საჯარო ინტერესს. სხდომის ფოტოგრაფირებაზე უარი, იუსტიციის სამინისტროს საქმიდან მხარედ ამორიცხვა, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი არველაძის, ელენე თევდორაძის მოწმის სახით დაკითხვაზე უარი, საქმის სამოქალაქო წესით განხილვაზე მოთხოვნის სრული იგნორირება და პროცესის გადაზრდა მთავარ სხდომაზე, სადავო ხელშეკრულების ნასყიდობის რეალური ფასის დადგენის მიზნით, სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი, როლანდ ბლადაძის დასკვნით სხდომაზე გამოცხადებისთვის სხდომის 2 დღით გადადებაზე კატეგორიული უარი, ქმნიდა მნიშვნელოვან დასაბუთებას, რომ მოსამართლე პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებული გახლდათ საქმის შედეგით, რაც ეჭვს იწვევდა მის მიუკერძოებლობაში. მოსამართლემ აცილება არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ზეწოლისა და ზემოქმედების ნიშნების შემთხვევაში, რაც შესაძლებელია არსებობდეს, საქმეზე თვითაცილებას განახორციელებდა. მას იცავდა კონსტიტუცია და არ არსებობდა პოლიტიკური ფაქტორები, რომლის გამოც საქმის განხილვაზე უარს იტყოდა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა არჩილ კაიკაციშვილის თხოვნა, 2 დღით მომხდარიყო სასამართლო სხდომის გადადება, ვინაიდან საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა როლანდ ბლადაძე, რომელსაც გააჩნდა სურვილი, რომ სასამართლოს მიმართ დასკვნითი სიტყვა წარმოეთქვა. მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომას ვერ გადადებდა და როლანდ ბლადაძეს უნდა სცოდნოდა, რომ სასამართლო 27 ივლისს დაასრულებდა საქმის განხილვას. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მას სჭირდებოდა დასკვნითი სიტყვისთვის მომზადება, რაზედაც მოსამართლემ განაცხადა, რომ „სარჩელი იმდენად შესანიშნავად იყო მომზადებული, მხარეს სრული წარმოდგენა და შესაძლებლობა გააჩნდა, პროცესზე ბოლო სიტყვა წარმოეთქვა“. არჩილ კაიკაციშვილმა განაცახადა, რომ სასამართლო მოსარჩელის მიმართ სრულ წნეხს, დასჯას და უპატივცემილობას გამოხატავდა, რითაც სამართლიანი სასამართლოს უფლება იდგა საფრთხის ქვეშ. სასამართლოს სურდა ფორსირებულად განეხილა საქმე. სწორედ ამის შემდგომ შედგა კონსესუსი, რის შემდგომაც მოსამართლემ საქმეზე ბოლო სხდომის თარიღად 28 ივლისის 16:00 საათი გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელი სხდომა 1 სართულზე, #2 დარბაზში გაიმართება.